აპარატის ისტორია

საქართველოს პრეზიდენტის #597 ბრძანებულებით 2004 წლის 17 დეკემბერს საქართველოს მთავრობაში შეიქმნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნული ბრძანებულების საფუძველზე სახელმწიფო მინისტრად და ვიცე პრემიერად დაინიშნა გიორგი ბარამიძე. საქართველოს მთავრობის #133 დადგენილებით 2004 წლის 31 დეკემბერს შეიქმნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. აპარატის შექმნის მიზანი იყო და არის ევროკავშირთან და ნატო-სთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება; პოლიტიკური, სამართლებრივი, სამხედრო, ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობა.

აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად აპარატს განესაზღვრა:

შესაბამის სამინისტროებთან/სახელმწიფო უწყებებთან ერთად,  სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვალეობად განისაზღვრა რეგულარული და პირდაპირი კონტაქტების დამყარება ევროგაერთიანებებთან და ნატოს-თან. ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი და წევრობის კანდიდატ ქვეყნებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების კუთხით თანამშრომლობის გააქტიურება;

საერთაშორისო სამართლებრივი ხელშეკრულებების პროექტების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.

საქართველოში ევროკავშირის მხარდამჭერი პროგრამების დაგეგმვის, რეალიზაციისა და მონიტორინგის პროცესში ეროვნული საკოორდინაციო ბიუროს ფუნქციების განხორცილება.

ზემოაღნიშნული მიზნების ეფექტურად განხორცილებისათვის სახელწიფო მინისტრის აპარატში შეიქმნა სამი დეპარტამენტი: ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციისა და ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტები. ასევე, დამატებით მექანიზმებად 2005 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებებით შეიქმნა "საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისია" და "ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისია."

2012 წლის 24 აგვისტოს სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა თორნიკე გორდაძე, ხოლო 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ სახელმწიფო მინისტრი გახდა ალექსი პეტრიაშვილი. 2014 წლის 15 ნოემბერს სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა დავით ბაქრაძე. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ სახელმწიფო მინისტრი გახდა ვიქტორ დოლიძე.

დასახული ამოცანების განსახორციელებლად ეფექტურად იყენებს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიებს, რომლებსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, ხოლო სამდივნოს ფუნქციას ასრულებს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ინტეგრაციის გაღრმავების მიზნით სახელმწიფო მინისტრის აპარატი აქტიურად თანამშრომლობს როგორც ნატო-ს და ვეროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამის სტრუქტურებთან ასევე, ინტეგრაციის პროცესში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მხარდაჭერის მოპოვების მიზნით თანამშრომლობს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო მისიებთან.

ასევე, სახელმწიფო მინისტრის აპარატი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ სტრატეგიული სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში მონაწილეობს.

საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ეტაპებზე და სამომავლო გეგმებზე ინფორმირების მიზნით 2005 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი 'საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს შესახებ", რომელიც მოგვიანებით, 2007 წელს გადავიდა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში. 2010 წლიდან ცენტრს კურირებს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. 2013 წლის დასაწყისში სახელმწიფო მინისტრის რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, აღნიშნული ცენტრის ფუნქციები გაფართოვდა, მოიცვა ევროკავშირის საკითხებიც და ჩამოყალიბდა, როგორც 'საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ." საინფორმაციო ცენტრი სახელმწიფო მინისტრის აპარატთან კოორდინაციით ახორციელებს მთელ რიგ საზოგადოებრივ პროექტებს, რათა სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად იყოს ჩართული და ინფორმირებული საქართველოს უმთავრესი საგარეო პრიორიტეტების – ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ქვეყნის მიღწევების და პერსპექტივების შესახებ.