ვიქტორ დოლიძე გერმანიაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ.ბერლინში გაემგზავრა, სადაც 9-12 ნოემბერს გაიმართება შეხვედრები უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩევლის მოადგილესთან იოახიმ ბერტელესთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორთან ანდრეას მიხაელისთან, გერმანიის პარლამენტში მმართველი პარტიის წარმომადგენელთან საგარეო და თავდაცვის კომიტეტებში, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის დეპუტატ როდერიხ კიზევეთერთან და გაეროში გერმანიის ყოფილ ელჩთან, ჰარალდ ბრაუნთან. შეხვედრებზე საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებს, 24 ნოემბრის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებს, ასევე, საქართველო-გერმანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ებერტის ფონდების, აგრეთვე, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელებთან, სადაც თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელებენ.

11 ნოემბერს ვიქტორ დოლიძე მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის „A Soul for Europe“ მუშაობაში, სადაც სიტყვით გამოვა საქართველოს შესახებ დაგეგმილ დისკუსიაზე.

სხვა ამბები