ვიქტორ დოლიძის შეხვედრა შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან

8 ნოემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ბიორნ სოდერის ხელმძღვანელობით  შვედეთის პარლამენტის დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 24 ნოემბერს დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებს.  „შვედეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩვენთვის, მხარდამჭერი ინტეგრაციულ პროცესებში, რეფორმების გატარებაში. თქვენ იცით,  რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი შვედეთი იყო და გვინდა განვიხილოთ, განსაკუთრებით სამიტამდე, იმ საკითხების ნუსხა, რომელზეც იქნება მსჯელობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე”-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვიქტორ დოლიძემ განსაკუთრებით აღნიშნა შვედეთის მთავრობის მიერ გაწეული დახმარება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ელექტრონული მონიტორინგის პროცესში და მადლობა გადაუხადა შვედეთის მხარეს როგორც ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა შვედეთის პარლამენტის დელეგაციას ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებისა და ამ პროცესის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.  

მხარეებმა საქართველო-შვედეთს შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ანტიდასავლური პროპაგანდის გასანეიტრალებლად სტარტეგიული კომუნიკაციის მიმართულებით, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზეც იმსჯელეს.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძე სერბეთში შეხვედრებს მართავს 13 ნოემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ქ. ბელგრადში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა იადრანკა იოკსიმოვიჩსა და ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მთავარ მომლაპარაკებელს ტანია მისჩევიჩს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ.ბერლინში გაემგზავრა, სადაც 9-11 ნოემბერს შეხვედრები გამართა.
  • ევროკომისიის ანგარიშის თანახმად ევროკავშირის პრიორიტეტები თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან 2017 წლის 10 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. როგორც ანგარიშშია ხაზგასმული 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.