ვიქტორ დოლიძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის სემინარზე „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“

ნატოს სამეკავშირეო ოფისში სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ დაიწყო. სემინარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ გახსნეს. ოფიციალური გახსნის შემდეგ, მონაწილეებისა და სახელმწიფო მინისტრების შეხვედრა დისკუსიით გაგრძელდა.

სემინარს ესწრებიან მასწავლებლები შიდა ქართლის გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან თბილისელ კოლეგებთან ერთად. ორი დღის განმავლობაში პედაგოგები მოისმენენ ინფორმაციას ნატოს ისტორიის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეირაღებული ძალების მონაწილეობის, ასევე, ნატოს გარშემო გავრცელებული შეხედულებებისა და რეალური ფაქტების შესახებ.

,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ის კამპანია, რასაც ვეწევით,  მაქსიმალურად  უნდა გავაღრმავოთ. ბუნებრივია, მასწავლებლები ყველაზე მთავარი სეგმენტია, რომელსაც მიაქვს ინფორმაცია მოსახლეობამდე და პირველ რიგში, ბავშვებამდე.  ეს არის კამპანიური ხასიათის თემა და ვფიქრობ რომ ისევე, როგორც  სავიზო ლიბერალიზაციის კამპანია, რომელიც ჩვენ გავმართეთ და კარგი შედეგები მივიღეთ,  იქნება კარგი მაგალითი იმისა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ კამპანიის გამართვა ჩვენს ცალკეულ სამიზნე აუდიტორიასთან. ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე აუდიტორია სწორედ მასწავლებლები არიან. ამიტომ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც არის ჩართული ამ საქმიანობაში, პირველ რიგში სამეკავშირეო ოფისს თბილისში“.

სემინართა ციკლი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით მეხუთე წელია იმართება.  სემინარში ყოველწლიურად თბილისელ კოლეგებთან ერთად სხვადასხვა რეგიონის მასწავლებლები მონაწილეობენ. პროექტის ფარგლებში დაახლოებით 600-მდე პედაგოგი უკვე გადამზადდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე.

პროექტის ფარგლებში მე-20 სემინარი ორდღიანია და 31 ოქტომბერს დასრულდება.

სხვა ამბები