ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი პოლონეთში

"პოლონეთი მომხრეა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის და იმ ქვეყნების ინტეგრირების, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს"-განაცხადეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ვიქტორ დოლიძესთან გამართულ შეხვედრებზე პოლონეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა. 28-29 სექტემბერს, ქ. ვარშავაში სამუშო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრი სეიმის მარშალს სტანისლავ კარჩევსკის, ვიცე-მარშალს რიშარდ ტერლეცკის, უშიშროების საბჭოს მდივანს პაველ სოლოხს, ასევე, სეიმის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა.

შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე. გამოითქვა იმედი, რომ სამიტის გადაწყვეტილებებში აისახება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა, აგრეთვე, მიიღება გადაწყვეტილებები საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყნისათვის, კიდევ უფრო მეტი დახმარების პროგრამის გამოყოფის თაობაზე.

ვიზიტის ფარგლებში, 29 სექტემბერს, ვიქტორ დოლიძე მთავარ მომხსენებლად წარსდგა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე "თანამედროვე საინფორმაციო გარემო და სტრატეგიული კომუნიკაციების როლი". ღონისძიება პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კაზიმირ პოლანსკის ფონდის ორგანიზებით გაიმართა. მრგვალი მაგიდის მუშაობაში პოლონეთში წარმოდგენილი საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სხვა ამბები