ვიქტორ დოლიძემ ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტისთვის მზადების საკითხები განიხილა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების საკითხები განიხილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა 26 სექტემბერს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე. სახელმწიფო მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა ევროკომისარს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმების, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პროცესის, ასევე, წესების დარღვევის პრევენციისკენ მიმართულ ღონისძიებებზე. იოჰანეს ჰანმა აღნიშნა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნის მიერ დაფიქსირებული მნიშვნელოვანი პროგრესი, ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არის რეფორმების განხორციელების მხრივ ლიდერი ქვეყანა და მადლიერება გამოხატა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და სამშვიდობო თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში მიმდინარე ოპერაციებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისათვის. „გვიახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტი, სადაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა პრაგმატულ წინსვლას გააკეთებს ქვეყანა და წამოიღებს უფრო მეტ დახმარებას სხვადასხვა სფეროებში, განსაკუთრებით როგორიცაა თავდაცვა, როგორიცაა ენერგოუსაფრთხოება, როგორიც არის რეფორმების გატარებაში მხარდაჭერა"-აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა. შეხვედრის დასასრულს ვიქტორ დოლიძემ ევროკომისარს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება მიულოცა.

ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრები გამართა ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) გენერალური დირექტორის მოადგილესთან კატერინა მატერნოვასთან და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან იოან მირჩეა პაშკუსთან. მხარეებმა ასოცირების შეთანხმების წარმატებით შესრულების, სამიტისთვის მზადების, ევროკავშირის დახმარებების დაგეგმვისა და ეფექტიანობის გაზრდის, ასევე, ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით ქმედითი ღონისძებების ჩატარების საკითხები განიხილეს. ასევე, მიმოიხილეს რეგიონის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

ევროკავშირთან საქართველოს მისიაში გაიმართა ვიქტორ დოლიძის შეხვედრაც ევროკომისიის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპის კომიტეტში (COEST) ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან. სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირთან ასოცირების და მისივე შემადგენელი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების განხორციელების, საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. სხვადასხვა სფეროში მიმდინარე, თუ დაგეგმილ რეფორმებზე დეტალურად ინფორმაცია მიაწოდეს შეხვედრის მონაწილეებს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა და ევროკავშირის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გრძელიშვილმა.

სხვა ამბები