კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

2017 წლის 20 სექტემბერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, სადაც განხილეს კონფლიქტის მოწესრიგებისა და შერიგების საკითხი. სხდომას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი თავმჯდომარეობდა. საქართველოს მხარეს შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა წარმოადგენდნენ. საქართველოს დელეგაციის წევრებმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე შეხვედრა გამართეს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერთან.

ქ.ბრიუსელში გამართული შეხვედრებისას საქართველოს წარმომადგენლებმა მოკავშირეებსა და ალიანსის ხელმძღვანელობას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ადამიანის უფლებათა დარღვევების, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობისა და კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკისა და კონკრეტული ნაბიჯების თაობაზე. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებს.

მოკავშირეებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე ერთგულება.წევრი ქვეყნების ელჩებმა შეშფოთება გამოთქვეს კონფლიქტის რეგიონებში შექმნილი რთული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების გამო და დაგმეს რუსეთის აგრესიული ქმედებები. მოკავშირეებმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასეს საქართველოს კონსტრუქციული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ ჩართულობისა და შერიგების მიზნით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების მნიშვნელობას. მხარეებმა შეხვედრაზე, აგრეთვე მიმოიხილეს ნატო-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ფართო დღის წესრიგი. მოკავშირეებმა შეხვედრაზე დაადასტურეს ნატო-ს ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, აღნიშნეს ამ გზაზე მიღწეული პროგრესი და საქართველოს ინტეგრაციის პროცესში პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა აღუთქვეს.

 

სხვა ამბები