DCFTA-ს განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსია გაიმართა

12 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შუახევის მუნიციპალიტეტში აჭარის რეგიონალური მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გაიმართა, სადაც ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) განხორციელების კუთხით კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის რეჟიმის გაძლიერებაზე იმსჯელეს. შეხვედრაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დისკუსია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელებისა და ამ მიმართულებით, მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირის პროექტის „ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ და ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელმა იოლანტა ტაჩინსკამ. დისკუსიას მოდერაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გაუწია. მრგვალი მაგიდის ფარგლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებს პროექტის ეფექტიანად განხორციელების მიზნით საკუთარი უწყებების მიერ შემუშავებული გეგმებიც გააცნეს.

დიალოგის მიზანია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის(DCFTA) შესახებ შეთანხმებისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით მიმდინარე რეფორმების შესახებ სამიზნე ჯგუფებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება.

სხვა ამბები