მე-14 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“

2017 წლის 13-14 ივლისს, ქ. ბათუმი  რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპულ გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ უმასპინძლებს. 

კონფერენცია მონაწილეებისათვის წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას ევროკავშირსა და მის სამეზობლოში არსებული გეოპოლიტიკური, უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების გამოწვევებისა და ამ პროცესებში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების როლის განსახილველად.

კონფერენციაზე მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდება ევროპული  დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე, ასევე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე და საქართველოს როლის მნიშვნელობაზე რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების გათვალისწინებით, წელს კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციის თემების განხილვას, ასევე, დისკუსია გაიმართება ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესსა და ევროკავშირის მესამე ენერგო პაკეტის თაობაზე,  ასოცირების შესახებ შეთანხმებების განხორციელების საკითხებზე. 

13 ივლისს კონფერენციას გახსნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი  ვიქტორ დოლიძე. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ენერგოკავშირის საკითხებზე პასუხისმგებელი მაროშ შევჩოვიჩი და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა“ 2007 წლიდან, ტრადიციულად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება.

კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება სამ ფინანსურ შეთანხმებას. კერძოდ,  ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში  250 მლნ ევროს დაფინანსების გამოყოფის, ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის დამატებით 3.5 მლნ ევროთი დაფინანსების, ბათუმის საქალაქო სატრანსპორტო პარკის 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსით შევსების ფინანსურ შეთანხმებებს.

 

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://batumiconference.ge/2017/ka

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძე სერბეთში შეხვედრებს მართავს 13 ნოემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ქ. ბელგრადში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა იადრანკა იოკსიმოვიჩსა და ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მთავარ მომლაპარაკებელს ტანია მისჩევიჩს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ.ბერლინში გაემგზავრა, სადაც 9-11 ნოემბერს შეხვედრები გამართა.
  • ევროკომისიის ანგარიშის თანახმად ევროკავშირის პრიორიტეტები თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან 2017 წლის 10 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. როგორც ანგარიშშია ხაზგასმული 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.