ვიქტორ დოლიძე აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩებს შეხვდა

11 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგანგებო დავალებათა ელჩებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში.

სახელმწიფო მინისტრმა საგანგებო დავალებათა ელჩებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესის მიმდინარეობის, წარმატებული რეფორმებისა და გამოწვევების თაობაზე, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის საკითხებსა და საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობაზე.

მხარეებმა მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების საკითხზე იმსჯელეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვიქტორ დოლიძემ ხაზი გაუსვა სამიტის ფარგლებში კონკრეტული პოლიტიკური და პრაქტიკული შედეგების მიღების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები და სტრატეგიული კომუნიკაცია. ამასთან, აღინიშნა ქართული მხარის მიერ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

სახელმწიფო მინისტრმა საგანგებო დავალებათა ელჩებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საგანგებო დავალებათა ელჩები მონაწილეობას მიიღებენ 13-14 ივლისს ქ. ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში – „საქართველოს ევროპული გზა".

,,ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და მოკავშირეების ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლებიც დიდი მხარდამჭერები არიან საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესებისა და ჩვენს ქვეყანაში რეფორმების გატარების თვალსაზრისით.

საგანგებო დავალებათა ელჩები აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე დაესწრებიან ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას ,, საქართველოს ევროპული გზა" და კონფერენციის ფარგლებში გამართავენ მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, მათ შორის, საქართველოს პრემიერ- მინისტრთან. შეხვედრებზე, რა თქმა უნდა, დიდ დროს დავუთმობთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტის საკითხებს გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი ხელისუფლება ვახდენთ ძალიან სერიოზული მხარდაჭერის კონსოლიდაციას. ყველა ქვეყანას თავისი მეტ-ნაკლებად აქვს მხარდაჭერის, ოპტიმისზმისა და სკეპტიციზმის ინდივიდუალური გამოვლინება და ამიტომ მუშაობს საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურად და ყოველდღიურ რეჟიმში როგორც დედაქალაქებში, ასევე, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებთან. ამიტომ ეს ვიზიტი არის მხარდაჭერა ჩვენი ევროპული მისწრაფებების, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის, რომელიც ასევე, ევროპული მისწრაფებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოვლინებაა და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ როგორც აღმოსავლეთ პატრნიორობის ნოემბრის სამიტზე, ასევე, მომავალშიც ევროინტეგრაციის პროცესები მათი მხარდაჭერით ჩვენი ქვეყნისათვის აუცილებლად წავა წინ."- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძის ვიზიტი დანიის სამეფოში „ახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ასევე, მომავალ წელს გაიმართება ნატოს სამიტი და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ როგორც ინტეგრაციული თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმების თვალსაზრისით"-განაცხადა ვიტორ დოლიძემ დანიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ.
  • კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა 2017 წლის 20 სექტემბერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, სადაც განხილეს კონფლიქტის მოწესრიგებისა და შერიგების საკითხი. სხდომას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი თავმჯდომარეობდა.
  • ვიქტორ დოლიძის ვიზიტი ისლანდიის რესპუბლიკაში „ისლანდიამ საქართველო უკვე შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ისლანდია აღიარებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ რეფორმატორ, მნიშვნელოვან ქვეყანად და პარტნიორად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის."-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ ისლანდიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების კომენტირებისას.