ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან

14 ივნისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა-ვიცე რექტორმა ლევან კლიმიაშვილმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი უნივერსიტეტთან ერთად ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემატიკაზე ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ გამართულ ღონისძიებებში უნივერსიტეტისა და სტუდენტების აქტიურ ჩართულობასა და უცხოელი ექსპერტებისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ჩატარებულ საჯარო ლექციებში მონაწილეობას ითვალისწინებს.

ხელმოწერის ცერემონიის ფარგლებში გამოსვლისას სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა. ვიქტორ დოლიძემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებითა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების მიმართულებით ქართული მხარის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე. შეხვედრის დროს სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ აქტუალური და საინტერესო შეკითხვები დაესვათ.

დღესვე ტექნიკურ უნივერსიტეტში ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორია გაიხსნა, სადაც სტუდენტებისათვის შესაბამისი ლიტერატურა იქნება ხელმისაწვდომი და ასევე, აქტიურად გაიმართება შეხვედრები როგორც სამთავრობო, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. ეს უკვე მეცხრე აუდიტორიაა, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში გაიხსნა.

„მოხარული ვარ, რომ ამით ჩვენ უკვე პრაქტიკულ თანამშრომლობაზე გადავდივართ. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ როგორც პროფესორ-მასწავლებლებთან, ასევე, სტუდენტებთან ურთიერთობას და ეს ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. ახლა უფრო გაძლიერდება კონკრეტული თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება სამეცნიერო-კვლევითი საკითხები, სტაჟირებების გავლა, საინფორმაციო კამპანიაში მონაწილეობა თუ სხვა. მოხარული ვარ, რომ ჩვენ მოვახერხეთ ამგვარი თანამშრომლობის გაძლიერება და ასე აქტიურად გავაგრძელებთ მომავალშიც“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

სხვა ამბები