კონფერენცია: ,,სამართლებრივი დაახლოების პარადიგმა ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფონზე"

ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო მართვის ეფექტიანობის გაძლიერების მიზნით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებთან - „ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა" და „საკანონმდებლო ზემოქმედების შეფასება, კანონშემოქმედებითი პროცესი და წარმომადგენლობითი უნარების გაძლიერება" - მჭიდრო თანამშრომლობით გამართა კონფერენცია: ,,სამართლებრივი დაახლოების პარადიგმა ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფონზე".

კონფერენციის მიზანი იყო, მონაწილეები გაცნობოდნენ მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის როლს სამართლებრივი დაახლოების პროცესში, საქართველო- ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წარმატებული განხორციელების საფუძვლებს. ასევე, კონფერენციის მეორე სამუშაო დღეს საუბარი შეეხება რეგულირების ზეგავლენის შეფასებას, როგორც უკეთესი ხარისხით დაგეგმვისა და კანონშემოქმედების ინსტრუმენტს სამართლებრივი დაახლოების კონტექსტში. ღონისძიებაზე მონაწილეებს, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, ისაუბრონ სამართლებრივი ლექსიკონისა და ხარისხიანი თარგმანის, როგორც სამართლებრივი დაახლოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან ინსტრუმენტზე.

,,ჩვენ ასოცირების შესახებ შეთანხმების პარალელურად ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს ევროკავშირთან სამართლებრივად დაახლოებას, რაც მდგომარეობს იმაში, რომ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია უნდა მოხდეს მაქსიმალურად ახლოს და დროშიც უნდა მოვახერხოთ, რომ დავვახლოვდეთ კანონმდებლობის თვალსაზრისით ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და სწორედ ამ ორ პარალელურ რეჟიმს განვიხილავთ ექსპერტებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

მინდა გითხრათ, რომ მეთოდოლოგიური და სახელმძღვანელო დოკუმენტი ევროკავშირთან და ექსპერტებთან ერთად შემუშავებული გვქვს და ახლა ამას სჭირდება, რომ ყველა სახელმწიფო უწყება მაქსიმალურად გაეცნოს, მაქსიმალურად იქონიოს მხედველობაში იქ გათვალისწინებული რეკომენდაციები და აქედან გამომდინარე, მერე გაუწიონ მონიტორინგი ამ პროცესს.

ჩვენ 2014-2015-2016 წლების როგორც ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით, ასევე საკანონმდებლო დაახლოების თვალსაზრისით დიდი ნაბიჯები გადავდგით, მათ შორის 40 საკანონმდებლო ინიციატივა იყო პარლამენტში, 70 მდე დირექტივა თვითონ ხელისუფლებამ მიიღო, ამიტომ საკმაო ნაბიჯებია გადადგმული უკვე წინ, ფუნდამენტი კარგი გვაქვს გამზადებული , რათა მომავალში ეს მრავლისმომცველი სამუშაო გავაგრძელოთ."- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

სხვა ამბები