ვიქტორ დოლიძემ ორდღიანი სემინარი „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ" გახსნა.

დღეს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ორდღიანი სემინარი „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ" გახსნა. ევროპის დღეების ფარგლებში მიმდინარე სემინარის მონაწილეებს, ასევე, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, მასწავლებელთა სახლის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა და პროექტის დონორებმა.

ევროპის დღეების ფარგლებში, რეგიონებიდან და დედაქალაქიდან 100-ზე მეტი მასწავლებელი მონაწილეობს, მათ შორის მასწავლებლები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან. მონაწილეები ორი დღის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის პროცესსა და ევროპულ ღირებულებებზე მიიღებენ ინფორმაციას.

პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით მეოთხე წელია ხორციელდება. პროექტი ორდღიან სემინარებთან ერთად, პედაგოგების მიერ მთელი წლის განმავლობაში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას ითვალისწინებს. სემინარზე პროექტების კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლებიც დაჯილდოვდნენ, რომლებიც თვის ბოლოს ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით ესტონეთში გაემგზავრებიან. პროექტი წელს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის ფარგლებში გაიმართა.

ევროპის დღეები მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით 25 მაისამდე გაგრძელდება.

სხვა ამბები