საქართველოში ევროპის დღეები დაიწყო!

„საქართველო ევროკავშირთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა და ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით. ის მიღწევები, წარმატებები, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად დიდი ნაბიჯებია გადადგმული ჩვენი მხრიდან, თუ რამდენად დიდი ნაბიჯებია გადადგმული ევროკავშირის მხრიდან, თუნდაც ვიზის თემა რომ ავიღოთ, რამხელა მნიშვნელობა ენიჭება მას და რამდენად ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი მომავალშიც. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ წარმატებაში. დღეიდან 25 მაისამდე ვატარებთ ამ კამპანიას, ესაა ევროპის პოპულარიზაციის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება. ჩვენ დაუღალავად ვიმუშავებთ; ვიზის შესახებ გამართულმა კამპანიამ გვაჩვენა, თუ რამდენად კარგი შედეგები შეიძლება მოგვცეს ამან, განსაკუთრებით ჩვენი მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების კუთხით, და ეს იქნება ყველაზე დიდი და ძლიერი იარაღი პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად. პირველ რიგში კი, როგორც აღვნიშნე, ჩვენი თანამოქალაქეების ცნობიერების ამაღლებისა და მათი მომავალი კეთილდღეობის განმტკიცების კუთხით",-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ რიყის პარკში ევროპის დღეების საზეიმოდ გახსნაზე.

ევროპის დღეები 2017 7 მაისს ევროპის დღის აღნიშვნით გაიხსნა. რიყის პარკში მოეწყო „ევრო სოფელი", რომლის ფარგლებშიც ღია ცის ქვეშ სხვადასხვა შემეცნებითი, გასათობი და სპორტული აქტივობა შედგა.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გამოყოფილ სივრცეში უვიზო მიმოსვლით მოგზაურობის წესებზე სიმულაციური დადგმა მოეწყო. სიმულაციის მიხედვით სტუმრები უშუალოდ შეხვდნენ იმ წარმომადგენლებს, რომელთაგანაც მიიღეს დეტალური ინფორმაცია უვიზოდ მოგზაურობის შესახებ. იუსტიციის სახლის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზის, ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ე.წ. ტურისტული სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასაზღვრო კონტროლის სახით წარმოდგენილ 4 სტენდთან სტუმრები გაეცნენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას, მიიღეს საჭირო დოკუმენტები და საზღვარზე სიმბოლური ბეჭდის ჩარტყმის შემდეგ ვირტუალურად მოხვდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

ევროპის დღეები მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით გაგრძელდება. დაგეგმილია სემინარები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის, 100-ზე მეტი მასწავლებლისთვის თბილისიდან და რეგიონებიდან, გამოფენები, დებატები, საჯარო ლექციები პროექტის „მე-ევროპელი" ფარგლებში, სამოყვარულო ველოგარბენი, სასწავლო ვიზიტები ახალგაზრდებისთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან, შეფ-მზარეული ელჩები, ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის, ასევე, საინფორმაციო შეხვედრები 50-მდე მუნიციპალიტეტში.

ევროპის დღეები 25 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით წელს მეხუთედ აღინიშნება.

სხვა ამბები