ვიქტორ დილიძის შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან სახალხო დიპლომატიის საკითხებში, თაჩან ილდემთან

10 აპრილს, ნატო-ს კვირეულის ფარგლებში შედგა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ვიქტორ დოლიძის შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან სახალხო დიპლომატიის საკითხებში ტაჩან ილდემთან.

შეხვედრაზე ვიქტორ დოლიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ დინამიურ თანამშრომლობას და ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე.

ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში და ზოგადად რეგიონში უსაფართხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და გამოწვევებზე. აღნიშნულ კონტექსტში მხარეებმა განიხილეს საქართველოში რუსეთის მიერ წარმოებულ მზარდ ანტი-დასავლურ პროპაგანდა, რომელიც მიზნად ისახავს ქართულ საზოგადოებაში პესიმისტური განწყობების დანერგვას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით. ისაუბრეს ანტი-დასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლაში სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესების გზებსა და ამ სფეროში არსებული გამოწვევებზე, ისევე როგორც გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. მხარეებმა, ასევე ისაუბრეს მიმდინარე წლის მანძილზე ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დატვირთული დღის წესრიგის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე.

თაჩან ილდემმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მხრიდან სახალხო დიპლომატიის კუთხით და სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროში გაწეულ აქტიურ ძალისხმევას და წარმატებულ მუშაობას. მან ხაზი გაუსვა აღნიშნული მიმართულებით პრო-აქტიური მიდგომის მნიშვნელობას და მზადყოფნა გამოთქვა ქართულ მხარესთან მომავალშიც ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგს, ისევე როგორც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა, რომ ნატო გმობს და არ აღიარებს ცხინვალის რეგიონში ა.წ 9 აპრილს ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებს" და რეფერენდუმს.

სხვა ამბები