ევროკავშირი-საქართველოს საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაცია

„ვიწყებთ აქტიურ სინფორმაციო კამპანიას, რომელიც შეეხება ევროკავშირის პოპულარიზაციას ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს მოქალქეებმა უნდა იცოდნენ, თუ რას შეეხება ამ თანამშრომლობის მიმართულებები. ამიტომ, ვფიქრობ, ე.წ. სტრატეგიული კომუნიკაცია საკუთარ მოსახლეობასთან ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი გადამწყვეტი ელემენტი იქნება" - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ევროკავშირი-საქართველოს საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაციაზე.

პრეზენტაცია 25 იანვარს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, გაიმართა. კამპანია ევროკავშირის პროექტის „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მხარდაჭერა" ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობისათვის ევროკავშირისა და საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე მარტივ ენაზე ინფორმაციის მიწოდებას, ასევე, ცნობიერების ამაღლებას, თუ რა კონკრეტული სარგებელი შეიძლება მოუტანოს საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობისა და ვიზა–ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებამ. კამპანიის ამოცანაა გაზარდოს სოციალური მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ვექტორის მიმართ. კამპანიის წარმოებისას განსაკუთრებული აქცენტი ევროპულ ფასეულობებზე კეთდება.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ.

ღონისძიებას სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ევროკავშირისა და საქართველოს კომუნიკაციის კომპონენტის ფარგლებში, პროექტი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით, გეგმავს საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას საქართველოს რეგიონებში. მოწვეული ექსპერტები, პროექტისა და საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შეხვდებიან. შეხვედრებზე საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ინტეგრაციის პროცესის პრიორიტეტებზე იმსჯელებენ. აგრეთვე, მოეწყობა კამპანიის ფარგლებში გადაღებული ვიდეო-რგოლებისა და მინი-ფილმების ჩვენება.

საინფორმაციო კამპანია მაისის ბოლომდე გაგრძელდება. კამპანიის საერთო ღირებულებაა 150 000 ევრო.

ინფორმაციისთვის: პროექტი – „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მხარდაჭერა", ევროკავშირის დაფინანსებით, 2015 წლის 6 ივლისიდან ხორციელდება. პროექტის მთავარი ამოცანაა ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავებაში ხელშეწყობა ასოცირების, მისივე შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებისა და ვიზა–ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით.

პროექტი 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგება:

* ხელშეკრულებების განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და ანგარიშგება, დონორების კოორდინაცია;

* ინსტიტუციური რეფორმის და საკანონმდებლო დაახლოების პროცესის მხარდაჭერა;

* ევროკავშირისა და საქართველოს კომუნიკაციის განხორციელება.

სხვა ამბები