ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა

საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოს-ს წევრობისთვის. ნატო-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ საქართველოს სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს რიგით მეოთხე ვიზიტის ფარგლებში, დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა იმართება, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ნატო-ს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილმა.

იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავი მიულოცა.

"ეს არის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეოთხე ვიზიტი საქართველოში. მსურს მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და ქართველ ხალხს მასპინძლობისთვის. მოხარული ვართ აქ ყოფნით და თქვენთან შეხვედრით. მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და მოგილოცოთ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავი", - განაცხადა სტოლტენბერგმა და ხაზი გაუსვა, რომ ალიანსი აფასებს ქართველი სამხედროების მიერ გაღებულ მსხვერპლს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ნატო-ს გენერალური მდივნის განმარტებით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განხილული იქნება სხვადასხვა საკითხი, მათ შორის იმსჯელებენ უსაფრთხოების თემაზე შავი ზღვის რეგიონში და ყოვლისმომცველი პაკეტის განხორციელების გზებზე.

"ნატო-საქართველოს კომისია 2008 წელს ჩამოყალიბდა, როგორც ფორუმი პოლიტიკური დიალოგისთვის და ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. კომისიის დღევანდელ სხდომაზე განვიხილავთ მრავალ სხვადასხვა საკითხს, მათ შორის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ბოლო მოვლენებს. ასევე განვიხილავთ საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტის განხორციელების მხრივ მიღწეულ პროგრესს. ყოვლისმომცველი პაკეტი 2014 წელს ნატოს უელსის სამიტზე შემუშავდა და გაძლიერდა ვარშავის სამიტზე, რომელიც გასულ ივლისს გაიმართა. მოკავშირეებს მტკიცედ აქვთ განზრახული საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერება და ჩვენი თანამშრომლობის განვითარება", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ნატო-ს გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის არჩევანს - გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი.

„ეს შეხვედრა არის ნატო-ს ვარშავის სამიტზე დაწყებული უმნიშვნელოვანესი პროცესის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ქვეყნის გაწევრიანებისთვის მომზადებას. ნატო-ში გაწევრიანება არის საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნება და მთავრობა აკეთებს ყველაფერს ამ არჩევანის განხორცილებისთვის. დღეისთვის ჩვენს რეგიონში და ზოგადად ევროატლანტიკურ არეალში შექმნილია საკმაოდ რთული უსაფრთხოების გარემო. გამოწვევები, რომლებიც დღეს დგას ჩვენს წინაშე არის ასიმეტრიული ხასიათის და მოითხოვს ახლებურ მიდგომებს. ამ კონტექსტში ნატო-ს, როგორც ყველაზე წარმატებულ ალიანსს განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრება," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ამ ეტაპზე არის უაღრესად დინამიური, რის დასტურადაც ნატო-საქართველოს ორი წარმატებული პროექტი - წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და თავდაცვის ინსტიტუციონალური აღმშენებლობის სკოლა დაასახელა.

„ნატო-ს ვარშავის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის პრაქტიკული მხარდაჭერის ახალი პროექტების შესახებ და დღეს ჩვენ ვიმსჯელებთ ამ პროექტების განხორციელების თაობაზე. ქართული მხარე ჩართულია შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-ში უკანასკნელ პერიოდში დაწყებულ სტრატეგიულ დისკუსიაში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ შავი ზღვის რეგიონი და საქართველო არის ევროპის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი და შესაბამისად ევროპული უსაფრთხოება წარმოუდგენელია ამ რეგიონში სტაბილურობის გარეშე," - განმარტა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს მის ხელთ არსებული პრაქტიკული მექანიზმების მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებას, რათა ხელი შეუწყოს და დააჩქაროს პოლიტიკური გადაწყვეტილება ქვეყნის საბოლოო გაწევრიანების შესახებ.

სხვა ამბები