ბათუმში მე-13 საერთაშორისო კონფერენცია-„საქართველოს ევროპული გზა" იმართება

2016 წლის 14-15 ივლისს, ქ. ბათუმში, რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა - სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება" გაიმართება, რომელიც ტრადიციულად, 2007 წლიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება. ბათუმი- „საქართველოს საზაფხულო დედაქალაქი" - ყოველწლიურად მაღალი დონის ღონისძიებების პლატფორმად იქცა. წლევანდელი კონფერენციის საპატიო პარტნიორია გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი (GLOBSEC Policy Institute).

ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენცია ტრადიციულად საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის, კერძო, სამოქალაქო და აკადემიური სექტორის, მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს.

კონფერენციაზე გაინიხილება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები, ევროკავშირის საბჭოში სლოვაკეთის საპრეზიდენტო პერიოდის ძირითადი პრიორიტეტები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება და ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ყურადღება გამახვილდება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ გამოცდილებასა და გამოწვევებზე. მთავარ განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირებისა და მისივე შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების განხორციელების პროცესი, ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხები, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაცია და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები.

მე-13 საერთაშორისო კონფერენციას გახსნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და გლობსეკის პოლიტიკის ინსიტიტუტის (GLOBSEC Policy Institute) საპატიო თავმჯდომარე რასტისლავ კაჩერი. კონფერენციის მონაწილეეებს სიტყვით მიმართავენ: ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე კატარინა მატერნოვა, კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ჰერბერტ ზალბერი, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი იაშარ იაკიში. ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ესტონეთის პარლამენტში კალე პალინგი. ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტი კარლ ჰაინც კოპფი. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი იშტვან მიკოლა.

წელს პირველად, კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ღამის სესია, რომლის მონაწილეებიც ჩეტემ ჰაუსის ფორმატში გაერთიანებულ სამეფოში ევროკავშირიდან გასვლის შესახებ, ცოტა ხნის წინ გამართული რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით, ევროპის მომავალზე იმსჯელებენ. კონფერენციის მეორე დღეს, 15 ივლისს, გაიმართება დისკუსია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, რომელსაც გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტის (GLOBSEC Policy Institute) საპატიო თავმჯდომარე რასტისლავ კაჩერი გაუძღვება (Dialogue with the President).

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს ქართული კულტურის გაცნობის შესაძლებლობაც მიეცემათ.

კონფერენციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ: batumiconference.ge

 

სხვა ამბები