ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის გახსნა

2016 წლის ნატოს კვირეული ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დაიწყო. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ ტედ ვაითსაიდმა გახსნეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო, ნატო-ს ვარშავის სამიტის ფარგლებში, მკაფიო გზავნილს ელოდება.

"ჩვენი მხრივ, ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის პოზიტიური დინამიკა და ნატო-საქართველოს ურთიერთობები გავხადოთ შინაარსობრივად კიდევ უფრო დატვირთული. საქართველოს აქვს პროგრესი და ხელშესახები შედეგები ამ მიმართულებით. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან კავშირების გამყარებას და ასრულებს მნიშვნელოვან ვალდებულებებს იმით, რომ მონაწილეობს ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებსა და ნატო-ს მისიებში. ნატო-სთან დაახლოების მიმართულებით ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება მნიშვნელოვან პროგრესს, როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული შედეგების კუთხით," - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველოს სწრაფვა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისკენ არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ წასვლას. მისივე თქმით, დღეს მსოფლიო საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე დგას, რაც ალიანსის წევრებისა და პარტნიორებისგან მოითხოვს სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესებას.

"ეს არის ეფექტიანი ბრძოლის საშუალება ევროატლანტიკურ სივრცეში და მის საზღვრებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. ამიტომაც იქცა სტრატეგიული კომუნიკაცია ჩვენი პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად. უსაფრთხოების კუთხით დღეს არსებული ახალი გამოწვევები პასუხებს მოითხოვს და სწორედ ამ საკითხებს დაეთმობა დღევანდელი ფორუმი," - აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ფორუმი ხელს შეუწყობს სახალხო დიპლომატიის ექპერტთა ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას და ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად საერთო სტრატეგიებისა და მიდგომების შემუშავებას.

ფორუმში მონაწილეობენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურებისა და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები.

ფორუმი საქართველოში პირველად იმართება და 5 აპრილს დაიხურება, ნატოს კვირეული კი 19 აპრილამდე გაგრძელდება. ნატოს კვირეული საქართველოში წელს მეცხრედ ტარდება. კვირეული სსიპ "ნატოსა დაევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან კოორდინაციით, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

სხვა ამბები