ნატომ საქართველოს მიერ 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შესრულებას დადებითი შეფასება მისცა.

24 ნოემბერს, ბრიუსელში, ნატო-სშტაბ-ბინაში,ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას მონაწილეობით ნატოს წევრი ქვეყნების ელჩების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა (NGC) გაიმართა, სადაც 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შესრულებაზე იმსჯელეს.ალიანსის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში გატარებული რეფორმები. "განვიხილეთ ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია, ერთის მხრივ, არსებითი პაკეტის აღსრულების თვალსაზირისით, ასევე, წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების კუთხით. არ დარჩენილა დელეგაცია, რომელიც ხაზგასმით არ აღნიშნავდა იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც რეფორმების თვალსაზრისით საქართველომ მიაღწია"-განაცხადა დავით ბაქრაძემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.

კომისიის სხდომაზე, ასევე, განიხილეს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია. მუდმივმა წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, აგრეთვე, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. შეხვედრის მონაწილეებმა მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიერ ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, კერძოდ, 2014 წელს დასრულებული ISAF-ის ოპერაციაში და ავღანეთში ნატო-ს „ურყევი მხარდაჭერის" მიმდინარე მისიაში მონაწილეობისთვის.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ შეხვედრა გამართეს ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისა და რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილი ნატო-ს მინისტერიალისა და 2016 წლის ვარშავის სამიტისთვის მზადების საკითხებს. „ჩვენ ველოდებით მინისტერიალს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან თარიღს ვარშავის სამიტის მოსამზადებლად. სწორედ ამიტომაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი სხდომის შედეგად ნატოში აქვთ დეტალური ინფორმაცია წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სამუშაოს შესახებ." აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

 

სხვა ამბები