ნატოს კვირეულის გახსნის ოფიციალური ცერემონია.

საქართველოში ნატოს კვირეული 2015 ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ოფიციალური ცერემონიით გაიხსნა. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა კვირიკაშვილმა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ მიმართეს. მიღებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გამოცემული ბროშურის „მითები ნატოს შესახებ" პრეზენტაცია მოეწყო. ნატოს კვირეულის გახსნას მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე სამშვიდობო მისიებიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეები ესწრებოდნენ.

"მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.წელს უკვე მერვედ იმართება. ვსარგებლობ შემთხვევით და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს ვულოცავ 10 წლის იუბილეს.მნიშვნელოვან ტრადიციად იქცა ჩვენთვის ნატოს კვირეული.ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა,რადგან ნატო,ესაა არჩევანი,რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს მოსახლეობა, ძირითადი პოლიტიკური პარტიები არიან შეთსნხმებული. შესაბამისად, ეს არის არჩევანი, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. 2002 წლის შემდეგ, როცა საქართველომ ოფიციალურად გააჟღერა თავისი პოზიცია ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ, მნიშვნელოვანი პროგრესი განვიცადეთ იმ ძირითადი მიმართულებით, რაც ნატოს წევრობის მთავარ კრიტერიუმებს წარმოადგენენ. იქნება ეს დემოკრატიული რეფორმები, თუ საერთაშორისო კონტრიბუცია სამშვიდობო ოპერაციებში. მინდა მივესალმო. ჩვენს სამხედროებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისათვის ხორცშესხმაში. ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სწორედ მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა განაპირობებს იმ დიდ ინტერესს, რომელთან დაკავშირებითაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საინფორმაციო ცენტრი მის ყოველდღიურ საქმიანობაში. ძალიან მნიშვნელოვანია გაცნობიერებული და მყარი მხარდაჭერის უზრუნველყოფა იმ საკითხებისადმი, რასაც ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფება ქვია. წელს მასშტაბურად აღინიშნება ნატოს კვირეული. იგეგმება საინფორმაციო ცენტრის კიდევ ერთი რეგიონული ფილიალის გახსნა ქალაქ გორში.გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, კონკურსები, შეჯიბრებები, რაც ემსახურება ერთის მხრივ ნატოს შესახებ საინფორმაციო საზოგადოების ინფორმირებას ამ პროცესში. მინდა, მადლობა გადავუხადო სამოქალაქო სექტორს, რომელიც აქტიურადაა ჩართული და ჩვენთან თანამშრომლობით არაერთ პროექტს ახორციელებს. მადლობას ვუხდი დიპლომატიურ კორპუსს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის რეგიონებში ამ მიმართულებით ჩვენი დასავლური, ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზების კუთხით, საინფორმაციო კამპანიის განხორციელებაში. ყველა ის სახელმწიფო, რომელიც გახდა ევროატლანტიკური ალიანსის წევრი, გახდა ნატოს წევრი, ამ ნაბიჯით მოხდა თითოეულ ამ სახელმწიფოში მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების დამკვიდრება. ამიტომაა ნატო ჩვენი არჩევანი და საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმ რეფორმებს, იმ ძალისხმევას, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობამდე." - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ნატოს კვირეულის ოფიციალური გახსნის ცერემონიის დაწყებამდე ჟურნალისტებთან.

კვირეულის ფარგლებში დედაქალაქსა და რეგიონებში გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. დაგეგმილია, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალი რეგიონული ბიუროს გახსნა ქალაქ გორში, მედია-საშუალებების წარმომადგენლების შეხვედრა ნატოში საქართველოს მისიის ახლანდელ და ყოფილ ხელმძღვანელებთან, სემინარი კოჯრის სერჟანტთა მომზადების სკოლის სტუდენტებისათვის და სხვა მრავალი საინტერესო ღონისძიება, მათ შორის, შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, იუნკერებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან; ასევე, ჩატარდება ახალგაზრდული დებატები, კონფერენციები, გამოფენები, ინტელექტუალური თამაშები და სხვა. ნატოს კვირეული 8 ნოემბერს მედია ტურნირით „ნატოს თასი" დაიხურება.
ნატოს კვირეული საქართველოში წელს მერვედ ტარდება. ის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

სხვა ამბები