ევროკავშირის მორიგი დახმარება საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების ხელშესაწყობად

8 მილიონი ევრო საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად და საჯარო უწყებების მუშაობის გამჭვირვალობის ხელშესაწყობად.

22 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ასოცირების შეთანხმების პრიორიტეტების განხორციელებაში დაეხმარება.

ევროკავშირის დახმარების ძირითად მიზანს მოსახლეობისთვის გაუმჯობესებული მომსახურებისა და სერვისების მიწოდება წარმოადგენს. აღნიშნული დახმარებით გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში საქართველოს საჯარო უწყებები ექსპერტულ დახმარებას მიიღებენ, რათა კონკრეტულ სექტორებში გააუმჯობესონ თავიანთი მომსახურება და გარემოსდაცვით სფეროში ევროპული გამოცდილების შესაბამისად დახვეწონ კანონმდებლობა. ამასთან, პროგრამის განხორციელების შედეგად ხელი შეეწყობა მოსახლეობისთვის გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდებას გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით.

დახმარებას, ასევე, მიიღებს მონაცემთა გაცვლის სააგენტო, საქართველოს პარლამენტი და გენდერულ საკითხთა უწყებათაშორისი კომისია.

დაფინანსება და მოსალოდნელი შედეგები:

 

მიმღები უწყება

მილიონი ევრო

მოსალოდნელი შედეგები

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

3.0

გარემოსდაცვითი პოლიტიკის გაძლიერება; გარემოსდაცვითი საჭიროებების უკეთესი გაგება; მეტი გამჭვირვალობა და გარემოსდაცვით ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობა; ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზება.

მონაცემთა გაცვლის სააგენტო

1.3

ელექტრონული კომუნიკაციის მარეგულირებელი ჩარჩო; მეტი ქსელური უსაფრთხოება.

საქართველოს პარლამენტი

1.0

უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება.

გენდერულ საკითხთა უწყებათაშორისი კომისია

2.4

საჯარო უწყებების მეტი ინფორმირებულობა გენდერულ საკითხთა შესახებ; გენდერულ საკითხთა უწყებათაშორისი კომისიის გაძლიერება.

ხილვადობა და ცნობიერების ამაღლება

0.3

ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლების ხელშეწყობა.

სულ

8

 

ინფორმაციისთვის: ევროკავშირს უკვე გამოყოფილი აქვს საქართველოსთვის დახმარება 20 მილიონი ევროს ოდენობით ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა და სავიზო საკითხთა ლიბერალიზაციის შეთანხმების პრიორიტეტების შესრულების პროცესში.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი: pao@eu-nato.gov.ge
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: Giuseppe.VASQUES@eeas.europa.eu

სხვა ამბები