ევროკავშირის პროგრამების ადმინისტრირების სამსახურის (PAO) მხარდამჭერი პროექტის დახურვის ღონისძიება

დღეს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში" ევროკავშირის პროგრამების ადმინისტრირების სამსახურის (PAO) მხარდამჭერი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის დახურვისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ. გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს პროექტის მთავარი მიღწევებსა და გამოცდილებაზე.

აღნიშნული პროექტი დაიწყო 2012 წლის იანვარში და სრულდება 2014 წლის 31 დეკემბერს. პროექტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სახელმწიფო მინისტრის აპარატის, განსაკუთრებით ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებაში. ასევე, აღსანიშნავია პროექტის მნიშვნელობა საჯარო უწყებების ინსტიტუციურ გაძლიერების მიმართულებითაც. პროექტის ერთ-ერთ მიზანს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული შეთანხმებების ეფექტიანად განხორციელების პროცესში ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტების/პროგრამების (TWINNING, TAIEX, SIGMA) დაგეგმვასა და შესრულებაში საჯარო უწყებების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

პროგრამების ადმინისტრირების სამსახურის (PAO) ფუნქციებს დღეისათვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტი ითავსებს.

„მას შემდეგ რაც ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, დაიწყო მისი იმპლემენტაცია, ჩვენი აპარატი კოორდინაციას უწევს ამ პროცესს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო ეს პროექტი, რომელიც სწორედ დღეს სრულდება, რომლის ფარგლებშიც გაძლიერდა ჩვენი აპარატი, გაძლიერდა კონკრეტულად ის მიმართულება რომელიც გულისხმობს დონორთა კოორდინირებას. ჩვენ ძალიან დიდ დახმარებას ვიღებთ ევროკავშირისგან სხვადასხვა პროექტებში."- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტებთან.

სხვა ამბები