დავით ბაქრაძე პროექტის „უკრაინა - გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით“ მონაწილეებს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე უკრაინის არასამთავრობო ორგანიზაციიების, აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. უკრაინელი სტუმრები საქართველოში პროექტის „უკრაინა - გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით" ფარგლებში ჩამოვიდნენ. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა, პირველ რიგში, რუსეთის მიერ სამხრეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესია დაგმო და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა გამოხატა. შეხვედრზე განიხილეს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული ვითარება. დავით ბაქრაძემ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერაზე, როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ტენდენცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის, არამედ, რეგიონისა და სრულიად ევროპის უსაფრთხოებას.

შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისა და 2015 წელს ლატვიაში, ქ.რიგაში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის მზადების პროცესებზე. უკრაინელი სტუმრები დაინტერესდნენ როგორ ხორციელდება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საზოგადოებასთან კომუნიკაცია, ასევე, ევროკავშირთან ურთიერთობის ფარგლებში დონორების მიერ საქართველოს მიმართ გაწეული დახმარების კოორდინაცია.

შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სხვა ამბები