საერთაშორისო კონფერენცია - ,,საქართველოს ევროპული გზა"

10-11 ივლისს, ქ. ბათუმში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით მეთერთმეტე საერთაშორისო კონფერენცია - ,,საქართველოს ევროპული გზა" იმართება.

კონფერენცია საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალმა ბოგდან ბორუსევიჩმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

კონფერენცია ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფორმირმირებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგს ეძღვნება. კონფერენციაზე, ასევე, განიხილება აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით არსებული გამოწვევები, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომუნიკაციისა და ინფორმაციის სტრატეგიის განხორციელების საკითხები.

კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებას აშუქებს საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

კონფერენციის ფარგლებში მუშაობს ოთხი თემატური სესია:

I სესია - „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტისკენ - ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება (რა მიზნები აქვთ პარტნიორებს 2015 წელს რიგის სამიტისთვის? როგორ ვუპასუხოთ ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან დაახლოების გამოწვევებს? რა წარმატებებს მიაღწიეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებმა ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროცესში ეკონომიკური ზრდის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის უზრუნველყოფის კუთხით?რამდენად სწრაფად მოგვცემს კონკრეტულ შედეგებს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის ფორმირება? რა რესურსებსფლობენ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებში რეფორმების მხარდასაჭერად?როგორ გამოვიყენოთ ეფექტიანად „მეტი მეტისთვის"მიდგომა?)

II სესია - სახალხო დიპლომატია და „აღმოსავლეთ პარტნიორობა" (როგორ ვუზრუნველყოთ ფართო საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაცია ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული სარგებლის შესახებ? როგორ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ კულტურა მუშაობდეს როგორც მამოძრავებელი ძალა და არა დაბრკოლება ევროინტეგრაციის პროცესში? რას გულისხმობს ევროპული კონცეფცია - „ერთიანობა მრავალფეროვნებაში"? აქვს თუ არა მნიშვნელობა ევროპულ იდენტობას? როგორ შევუწყოთ ხელი გადაადგილების თავისუფლებას, ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავების მიზნით? როგორ გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა? როგორ გავზარდოთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების ევროკავშირის განათლებისა და კულტურულ პროგრამებში ჩართულობა? რა როლი აქვს სოციალურ მედიას?)

III სესია - უსაფრთხოება და სტაბილურობა აღმოსავლეთ ევროპაში (რა შეიძლება გაკეთდეს უკრაინაში კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით? ემუქრებათ თუ არა საფრთხე „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სხვა ქვეყნებს? რამდენად იმარჯვებს „გავლენის სფეროების" გადანაწილების კონცეფცია? როგორ დავიცვათ საერთაშორისო სამართლის ნორმები და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი პრინციპები? რა ბერკეტები გააჩნია რუსეთს აღმოსავლეთ ევროპაში ევროინტეგრაციის პროცესის შესაჩერებლად? რა მექანიზმებს ფლობს ევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რეგიონში კრიზისზე ეფექტიანი რეაგირებისა და უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად? როგორ უნდა გავზარდოთ ევროპის ენერგოდამოუკიდებლობა? როგორ შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროპის მხარდაჭერა?)

IV სესია - ერთიანი და თავისუფალი ევროპა: დასრულებულია თუ არა მისია? (რა პერსპექტივა აქვთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით? როგორ შეძლებენ ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორები „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის განვითარებას უფრო ამბიციური შედეგების მიღწევის მიზნით? არსებობს თუ არა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებში ევროინტეგრაციის პროცესის ხელშემწყობი პოლიტიკური გარემო? როგორ უნდა აღდგეს მრავალმხრივი თანამშრომლობის ინსტიტუტების და მექანიზმების ეფექტიანი მუშაობა? შესაძლებელია თუ არა რუსეთმა მონაწილეობა მიიღოს ევროპაში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებში? როგორ გავაძლიეროთ ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული განზომილება, მათ შორის ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების კუთხით? რისი შეთავაზება შეუძლია საქართველოს „აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის" და ევროკავშირისთვის?)

მიმაგრებული ფაილები:

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძე სერბეთში შეხვედრებს მართავს 13 ნოემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ქ. ბელგრადში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა იადრანკა იოკსიმოვიჩსა და ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მთავარ მომლაპარაკებელს ტანია მისჩევიჩს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ.ბერლინში გაემგზავრა, სადაც 9-11 ნოემბერს შეხვედრები გამართა.
  • ევროკომისიის ანგარიშის თანახმად ევროკავშირის პრიორიტეტები თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან 2017 წლის 10 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. როგორც ანგარიშშია ხაზგასმული 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.