ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში

2013 წლის 26-27 ივნისს საქართველოს მთავრობის მოწვევით საქართველოს მესამედ ესტუმრა ჩრდილოატლანტიკური საბჭო. ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ხელმძღვანელობდა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით. სხდომაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებაზე და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ორმხრივი შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებთან და პრეზიდენტთან. შედგა არაფორმალური სადილი თავდაცვის მინისტრთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან. ნატო-ს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვიდა სტუდენტებთან შეხვედრაზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში და მიესალმა ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც უახლოეს მომავალში გაემგზავრებიან ავღანეთში, ISAF-ის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, უმცირესობის ლიდერთან და პარლამენტის სხვა წევრებს. ამასთან, ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან და საქართველოს ომბუცმენთან.

შეხვედრებისას ნატო-ს გენრალურმა მდივანმა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატეს. მათ აღნიშნეს, რომ საქართველოში რეფორმები წარმატებით ხორციელდება და ხაზი გაუსვეს ამ რეფორმების გაგრძელებისა და დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციის აუცილებლობას. ხაზი გაესვა, ასევე, პოლიტიკური კოჰაბიტაციის პროცესის გაგრძელების მნიშვნელობას. პარლამენტის თავმჯდომარესთან გენერალური მდივნის შეხვედრის დროს, ისევე როგორც პარლამენტის უმრავლესობასა და უმცირესობასთან გაფართოებული შეხვედრისას, აღინიშნა, რომ პარლამენტი არის ის ორგანო, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის პოლიტიკური კოჰაბიტაციის პროცესის წარმატებულად წარმართვაში.

გენერალურმა მდივანმა და ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

ალიანსმა კვლავ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არაღიარების პოლიტიკისადმი ერთგულება.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და ალიანსის წარმომადგენლებმა დიდი მადლიერება გამოხატეს იმ მნიშვნელოვანი წვლილისათვის, რომელიც საქართველოს, როგორც ნატო-ს არაწევრ უმსხვილეს კონტრიბუტორ ქვეყანას, შეაქვს ნატო-ს ISAF-ის ოპერაციაში. აღინიშნა, რომ ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობით საქართველო მნიშვნელოვანი როლს თამაშობს ექსტრემიზმისა და ტერორიზმის დამარცხების საქმეში. ამასთან, ალიანსი მიესალმა საქართველოს მზაობას, მონაწილეობა მიიღოს 2014 შემდეგ ავღანეთის ნატო-ს ახალ მისიაში, რომლის მიზანი ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების წვრთნა იქნება.

"საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ამ ორი დღის განმავლობაში გამართული შეხვედრების დროს, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა ძალიან ბევრ საკითხზე, საქართველოს საზოგადოება, პოლიტიკური ძალები ერთსულოვანი არიან იმაში, რომ საქართველო უნდა გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და ევროკავშირის წევრი."-განაცხადა ვიზიტის დასრულების შემდეგ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.

 

სხვა ამბები