მე-10 საიუბილეო საერთაშორისო კონფერენცია ,,საქართველოს ევროპული გზა: ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები - ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისკენ‘‘

11-12 ივლისს, ქ. ბათუმში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და ევროკავშირისა და ლიტვის რესპუბლიკის მხარდაჭერით მე-10 საიუბილეო საერთაშორისო კონფერენცია ,,საქართველოს ევროპული გზა: ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები - ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისკენ‘‘ იმართება. ტრადიციულად წელსაც კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის თანამდებობის პირები,  არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

კონფერენციის მონაწილეები ვილნიუსის სამიტის მოსამზადებელ პროცესსა და ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის‘‘ ფარგლებში მიღწეულ პროგრესს განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საქართველოში ევროინტეგრაციის კუთხით მიმდინარე  რეფორმებსა და დემოკრატიის განვითარების  თვალსაზრისით განხორციელებულ ცვლილებებზე.

კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა. დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ, სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრისტიან ვიგენინმა და ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრიუს კრივასმა. გახსნის ცერემონიას მოდერაციას უწევდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი.

მე-10 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ოთხი თემატური სესია იმუშავებს:

I  სესია  - დემოკრატია და კანონის უზენაესობა ევროპული ოჯახის წევრობის აუცილებელი ფაქტორი (როგორ უზრუნველვყოთ აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიული მომავალი; დემოკრატიული ტრანსფორმაციის გამოწვევები; ,,მეტი მეტისთვის‘‘ მიდგომის შედეგები; კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერება; არჩევნები - წარსული და მომავალი; როდის არის მედია თავისუფალი?; ,,კოჰაბიტაცია‘‘ - საქართველოს ახალი რეალობა;  სამოქალაქო საზოგადოების როლი)

II სესია - უსაფრთხოება და სტაბილურობა აღმოსავლეთ ევროპაში (ევროინტეგრაციისათვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობა; ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის‘‘ ქვეყნებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში; მოუგვარებელ კონფლიქტებთან დაკავშირებული გამოწვევები; ჩართულობისა და ნდობის აღდგენის მნიშვნელობა კონფლიქტების გადაწყვეტაში; რუსეთის ფაქტორი)

III  სესია  - ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობები (ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, მათ შორის, მის ნაწილზე, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე მოლაპარაკებების შედეგები; ევროკავშირის ბაზარზე ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის პერსპექტივები და გამოწვევები; ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები; ენერგოუსაფრთხოების საკითხები; ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის‘‘ ქვეყნებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ახალი შესაძლებლობები; საქმიან წრეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა; ევროკავშირში ეკონომიკური კრიზისის გავლენა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის‘‘ ქვეყნებთან თანამშრომლობის პროცესზე)

IV  სესია  - დიალოგი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ - პერსექტივები და გამოწვევები (სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების (JLS) სფეროში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებული გამოწვევები; ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის‘‘ ფარგლებში თავისუფალი გადაადგილების საკითხებზე თანამშრომლობა; უვიზო მიმოსვლის შესახებ პოზიტიური პოლიტიკური გადაწყვეტილებების პერსპექტივები; გადაადგილების შესაძლებლობების ზრდის დადებითი შედეგები; ადამიანთა თავისუფალი გადაადგილება, როგორც ხალხთა შორის ინტეგრაციის გაღრმავების აუცილებელი წინაპირობა.

•კონფერენციის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ ხელი მოაწერეს საფინანსო შეთანხმებას, რომელიც საქართველოსთვის „მეტი მეტისათვის“ პრინციპის ფარგლებში 16 მილიონი ევროს დახმარებას ითვალისწინებს.

•კონფერენციის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკომისართან გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესთან, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კრისტიან ვიგენინთან, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა ევროპარლამენტარ ჰანს ვან ბაალენთან.

იხილეთ ვიდეო:

კონფერენციის გახსნა 

ალექსი პეტრიაშვილის მიმართვა კონფერენციის დამსწრეებისადმი

ერთობილივი პრესკონფერენცია

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ კონფერენციის ოფიციალურ ვებ-გვერდს ::http://ge-europeanway.com/ge
 

 

სხვა ამბები