ქრონოლოგია

  • 1992 წელს საქართველო გახდა ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს წევრი (NACC – North Atlantic Cooperation Council);
  • 1994 წლის 23 მარტს საქართველო შეუერთდა ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამას (PfP – Partnership for Peace);
  • 1995 წლის 18 ივლისს საქართველო შეუერთდა შეთანხმებას "ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ"- (SOFA - Status of Forces Agreement);
  • 1995 წელს საქართველომ თანამშრომლობა დაიწყო ნატო-სთან განათლების სფეროში. ნატო-ს სკოლაში ობერამერგაუში (გერმანია) და ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში (რომი, იტალია) ყოველწლიურად კვალიფიკაციას იმაღლებენ ქართველი მსმენელები;
  • 1996 წელს საქართველომ შეიმუშავა და წარადგინა ნატო-ში პირველი ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამა (IPP - Individual Partnership Program);
  • 1997 წლის 1 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ იქნა შეთანხმება "ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და «პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ" - (SOFA);
  • 1997 წლის 30 მაისს შეიქმნა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო (EAPC - Euro-Atlantic Partnership Council) და საქართველო გახდა მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი;
  • 1998 წლის 22 აპრილს გაიხსნა საქართველოს დიპლომატიური მისია ნატო-სთან;
  • 1999 წლის მარტში საქართველო შეუერთდა "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის დაგეგმვისა და ანალიზის პროცესს (PARP - Planning and Review Process);
  • 1999 წელს საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა კოსოვოში ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში;
  • 2001 წლის მარტში დაინერგა ნატო-ს საერთაშორისო სამსახურთან რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების პრაქტიკა;
  • 2001 წლის 11-23 ივნისს საქართველოში (ფოთი) ჩატარდა ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი ფართომასშტაბიანი მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები „კოოპერატივ პარტნერ-2001“ (Cooperative Partner -2001);
  • 2002 წლის 17-28 ივნისს საქართველოში (თბილისი) ჩატარდა ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი ფართომასშტაბიანი მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები „კოოპერატივ ბესტეფორტ-2002“ (Cooperative Best Effort -2002);
  • 2002 წლის ივნისში საქართველომ დაიწყო თანამშრომლობა ნატო-ს უზრუნველყოფისა და მომარაგების სააგენტოსთან (NAMSA - NATO Maintenance and Supply Agency) „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ნდობის ფონდის ეგიდით განხორციელებული პროგრამების ფარგლებში (PfP Trust Fund);
  • 2002 წლის 13 სექტემბრის საქართველოს პარლამენტის #1661 დადგენილებით, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებისა და ეფექტურად წარმართვისათვის, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას დაევალა საქართველოს პარლამენტის შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაწყება;
  • 2002 წლის 21-22 ნოემბერს, ქ. პრაღაში გამართულ ნატო-ს სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვის შესახებ და სურვილი გამოთქვა ახალ პროგრამაში - „ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში“ - მონაწილეობის მიღების თაობაზე;
  • 2002 წლის 28 დეკემბერს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ დაამტკიცა „საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა“. პროგრამა შედგებოდა ხუთი ძირითადი ნაწილისაგან:1) პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები; 2) თავდაცვისა და სამხედრო საკითხები; 3) რესურსებით უზრუნველყოფის საკითხები; 4) უსაფრთხოების საკითხები; 5) სამართლებრივი საკითხები;
  • 2003 წლის 27 მაისს საქართველოს პრეზიდენტის #235 ბრძანებულების შესაბამისად შეიქმნა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეროვნული საკოორდინაციო საბჭო, ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში სახელმწიფო სტრუქტურების შეთანხმებულ მოქმედებათა და ძალისხმევის კოორდინაციის გაძლიერების მიზნით. საბჭოს თავმჯდომარეობდა საქართველოს პრეზიდენტი;
  • 2003 წლის სექტემბერში (ქ. თბილისი) ჩატარდა ნატო-ს და პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მსხვილმასშტაბიანი მრავალეროვნული სამხედრო-სამედიცინო წვრთნები „მედკეარ --რესკუერი 03“ (Med Care-Rescuer-03);
  • 2004 წლის 29 ოქტომბერს, საქართველო გახდა პირველი პარტნიორი ქვეყანა, რომელთანაც ნატომ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP-Individual Partnership Action Plan) ფორმატში თანამშრომლობა დაიწყო;
  • 2004 წლის 28-29 ივნისს სტამბოლში გამართულ ნატო-ს სამიტზე საქართველო, აზერბაიჯანი და უზბეკეთი ოფიციალურად შეუერთდნენ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ინიციატივას;
  • 2004 წლის აგვისტოში ნატო-ს ოფიციალურად წარედგინა საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა;
  • 2004 წლის 31 დეკემბერს, ჩრდილო-ატლანტიკურ ხელშეკრულების ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების, მასთან სრული პოლიტიკური, სამართლებრივი, სამხედრო ინტეგრაციის ხელშეწყობის, სახელმწიფო სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ეფექტური კოორდინაციისა და მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით, (საქართველოს მთავრობის დადგენილება #133) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეიქმნა;
  • 2004 წლიდან საქართველო ჩაერთო ავღანეთში NATO-ს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების ოპერაციაში (ISAF - International Security Assistance Force);
  • 2005 წლის საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განმახორციელებელი სახელმწიფო კომისია, რომელიც წარმოადგენს უწყებათშორის ჯგუფს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. კომისიას დაევალა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინირება და კონტროლი (2009 წლიდან აღნიშნულ კომისიას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისია ეწოდება);
  • 2005 წლის 14 თებერვლიდან საქართველოში მოვლენილ იქნა ნატო-ს მეკავშირე ოფიცერი სამხრეთ კავკასიაში;
  • 2005 წლის 2 მარტს ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის ნატო-ს ძალებისა და ნატო-ს პერსონალისთვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერისა და ტრანზიტის უზრუნველყოფის შესახებ“;
  • 2005 წელს საქართველოში გაიხსნა საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს შესახებ;
  • 2006 წლის 21 სექტემბერს, ნიუ-იორკში გაიმართა ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა არაფორმალური შეხვედრა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სხვადასხვა თემატურ საკითხებზე საქართველოსთან ინტენსიური დიალოგის (ID - Intensified Dialogue on Membership Issues) დაწყების შესახებ;
  • 2007 წელს საქართველომ უმასპინძლა NATO\PfP საჰაერო წვრთნებს "Cooperative Archer 2007";
  • 2008 წლის 3 აპრილს, ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა;
  • 2008 წლის 19 აგვისტოს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სპეციალური სხდომა საქართველოში განვითარებულ მოვლებთან დაკავშირებით;
  • 2008 წლის 21-22 აგვისტოს, შედგა ნატო-ს სამოქალაქო საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის კომიტეტის (CEPC – Civil Emergency Planning Committee) წარმომადგენელთა 15 კაციანი ჯგუფის ვიზიტი საქართველოში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ქმედებებით გამოწვეული ზარალის ადგილზე შეფასების მიზნით;
  • 2008 წლის 15-16 სექტემბერს, საქართველოს პირველად ეწვია ჩრდილოატლანტიკური საბჭო ნატოს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით;
  • 2008 წლის სექტემბერში ნატო-მ და საქართველომ დააფუძნეს ნატო-საქართველოს კომისია, რომელსაც მიენიჭა მთავარი საზედამხედველო ფუნქცია ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე დაწყებული პროცესის წარმართვაში;
  • 2008 წლის დეკემბერში ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ საქართველო შეიმუშავებს წლიურ ეროვნულ პროგრამას (ANP), რომელშიც ასახული იქნება საქართველოს განვითარების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამხედრო რეფორმა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ეკონომიკური განვითარება და სხვა.
  • 2009 წლი 3-4 აპრილს, (სტრასბურგი და კელი) გამართულ ნატო-ს საიუბილეო სამიტზე მიიღებული გადაწყვეტილებით ალიანსის წევრმა ქვეყნებმა კვლავ დაადასტურეს ერთგულება ბუქარესტის სამიტზე საქართველოსადმი აღებული ვალდებულებებისადმი;
  • 2009 წლის მაისში საქართველომ უმასპინძლა NATO\PfP წვრთნებს "Cooperative Longbow & Lancer 2009", სადაც 14 ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა;
  • 2009 წლის ნოემბერში ავღანეთში ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში გაიგზავნა ერთი სახმელეთო ასეული;
  • 2010 1 ოქტომბერს საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი გაიხსნა;
  • 2010 წლის 19-20 ნოემბერს ლისაბონში გამართულ სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში განმეორდა და განმტკიცდა ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწვეტილება იმის თაობაზე, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.
  • 2010 წელს საჩხერის სამთო მომზადების სკოლას მიენიჭა ნატო/პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (NATO/PfP) სამთო მომზადებისა და განათლების ცენტრის სტატუსი; 
  • 2011 აპრილში ქ. ბერლინში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, სადაც პირველად იქნა მიღებული ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც ხაზგასმულია ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის ძირითადი პრინციპები;
  • 2011 წლის 9-10 ნოემბერს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო მეორედ ეწვია თბილისსა და ბათუმს;
  • 2011 წლის დეკემბერში ნატო-ს საგარეო მინისტერიალის ფარგლებში ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის წევრების მიერ შემუშავებულ იქნა კომუნიკე, რომელშიც საქართველო იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიასთან, მონტენეგროსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ერთად არის მოხსენიებული როგორც ნატოს პარტნიორი ასპირანტი ქვეყანა;
  • 2012 20-21 მაისს ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში საქართველომ მონაწილეობა მიიღო ყველა შეხვედრაში, გარდა უშუალოდ ნატო-ს წევრი ქვეყნების შეხვედრისა: საქართველომ მონაწილეობა მიიღო ალიანსის შეხვედრაზე ძირითად პარტნიორებთან (ISAF, 28+13); ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სახელმწიფოებთან და ასპირანტ (28+4) ქვეყნებთან გამართულ შეხვედრებში;
  • 2012 წლის 22-28 სექტემბერს ნატო-ს კატასტროფებზე რეაგირების ევრო-ატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრის ეგიდით (EADRCC – Euro-Atlantic Disaster Response Coordination Centre) საქართველოში ჩატარდა საერთაშორისო სწავლება "საქართველო 2012";
  • 2012 წლის ოქტომბერში  საქართველოს წვლილი ISAF-ის მისიაში გაორმაგდა, რის შედეგადაც საქართველო გახდა ერთ-ერთი უდიდესი კონტრიბუტორი ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის;
  • 2013 წლის 26-27 ივნისს საქართველოში განხორციელდა ნატო-ს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს (NAC - North Atlantic Council) მესამე ვიზიტი;
  • 2013 წლის 5-9 სექტემბერს ნატო-ს საპასუხო რეაგირების მეორე ჯგუფის სამი გემი (გერმანიის დროშის ქვეშ FGS MOSEL-ისა და FGS ROTTWEIL-ის, ასევე, თურქეთის დროშის ქვეშ მოცურავე საზღვაო გემები) ბათუმის პორტს ეწვია;
  • 2013 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეუერთდა ნატოს შეკავშირებული ძალების ინიციატივას (CFI - Connected Forces Initiative) ნატოსთან თავსებადობის ამაღლების მიზნით;
  • 2014 წლის 4-5 სექტემბერს გაიმართა ნატოს უელსის სამიტი. სამიტის ფარგლებში საქართველომ მიიღო ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებების პაკეტი და გაწევრიანდა  გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორების ჯგუფში სხვა ოთხ პარტნიორ ქვეყანასთან ერთად (შვედეთი, ფინეთი, ავსტრალია, იორდანია).  ასევე, საქართველო ჩაერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების ზრდის ინიციატივაში;
  • 2014 წლის 11-12 თებერვალს საქართველოს პირველად ეწვია ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანო - ნატოს სამხედრო კომიტეტი. ვიზიტის ფარგლებში  კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები;
  • 2015 წლიდან საქართველო განაგრძობს ნატო-ს ავღანეთის ოპერაციაში ,,გადამწყვეტი მხარდაჭერის“ (Resolute Support Mission) მისიაში მონაწილეობას და ასევე, მიმდინარე წლიდან ჩართულია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში;
  • 2015 წლის 26-27 აგვისტოს საქართველოს პირველად ორდღიანი ვიზიტით ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში 27 აგვისტოს, იენს სტოლტენბერგმა მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ინაუგურაციის ცერემონიალში. ცენტრი ეროვნული სასწავლო ცენტრის ,,კრწანისის“ ტერიტორიაზე დაფუძნდა.
  • 2015 წლის 1-2 დეკემბერს, ქ. ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართა. მინისტერიალის შედეგად მიღებულ დოკუმენტში მოკავშირეებმა, მონტენეგროს ალიანსში მიწვევით, კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება ნატო-ს ,,ღია კარის" პოლიტიკის მიმართ. ასევე, აღნიშნულ დოკუმენტში ალიანსის წევრების მიერ პირველად მოხდა იმის დადასტურება, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად.
  • 2016 წლის 8-9 ივლისს, ქ. ვარშავაში, გაიმართა ნატო-ს სამიტი. საქართველომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა მიიღო ნატო-ს ვარშავის სამიტზე, რაც ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის აღიარების შედეგია. სამიტის ფარგლებში, პირველად ჩატარდა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და მიღებულ იქნა კომისიის ერთობლივი განცხადება, რომელშიც მოკავშირეებმა კვლავ დაადასტურეს 2008 წელს, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა. ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მიერ დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარების, თავდაცვის ინსტიტუტებისა და შეიარაღებული ძალების გაძლიერების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. მოკავშირეებმა, კიდევ ერთხელ, გამოხატეს სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვარშავის სამიტზე მიღებულ იქნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში ნატო-ს დამატებითი დახმარების გაწევის შესახებ. გაძლიერდა „არსებითი პაკეტი" და მიღებულ იქნა ახალი ინიციატივები, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება, ერთობლივი წვრთნები და სწავლებები, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობა, სტრატეგიული კომუნიკაცია.
  • ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით, 2016 წლის 7-8 სექტემბერს, საქართველოში, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეოთხე ვიზიტი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ ეს იყო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პირველი საერთაშორისო ვიზიტი, რაც ცხადყოფს ალიანსის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მკაფიო მხარდაჭერას და წარმოადგენს ნატო-სა და საქართველოს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობის დადასტურებას. ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ კვლავ დაადასტურა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში გაწევრიანებისათვის მოსამზადებლად და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება. ამასთან, ხაზი გაესვა ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს, რაც ხელს უწყობს საქართველოს საერთაშორისო იმიჯის, როგორც ალიანსის სანდო და ქმედითუნარიანი პარტნიორის, გამყარებას. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და ალიანსის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა, კიდევ ერთხელ, დაადასტურეს მათი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
  • 2017 წლის 1-3 მარტს, საქართველოს მეორედ ეწვია ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანო - ნატოს სამხედრო კომიტეტი. სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში ალიანსის მხარიდან მკაფიო გზავნილია, რომ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და მის მისწრაფებას გახდეს ალიანსის წევრი.

ნატოს ურთიერთობა საქართველოსთან 
თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსთან
უელსის სამიტის დეკლარაცია
ვარშავის სამიტის კომუნიკე
ვარშავის სამიტის ფარგლებში მიღებული ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე
საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივი პრესკონფერენცია