ნატო-საქართველოს კომისია NGC

 

2008 წლის 19 აგვისტოს, NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრაზე ალიანსმა NATO-საქართველოს კომისიის (NGC) დაარსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო ურთიერთგაგების მემორანდუმს 2008 წლის 15 სექტემბერს, საქართველოში ჩრდილო- ატლანტიკური საბჭოს (NAC) პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს მოეწერა ხელი. სწორედ 15 სექტემბერს გაიმართა კომისიის პირველი სხდომა.

 

კომისია წარმოადგენს NATO-საქართველოს პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმსა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს, რომლის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად. კომისია ხელს უწყობს NATO-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგისა და ყველა შესაბამის დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას.

 

2008 წლის 2-3 დეკემბერს NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ NATO-საქართველოს თანამშრომლობა NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებში წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) ფორმატში MAP-ზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების გარეშე გაგრძელდეს. საქართველო ANP-ის NATO-ში გაწევრიანების ინსტრუმენტად განიხილავს და შესაბამისად, დოკუმენტში ასახავს ყველა იმ მნიშვნელოვან რეფორმებსა და საკითხებს, რაც მას ხელს შეუწყობს NATO-ს სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოვებას.

 NGC–ს ფარგლებში ყველა სამუშაო დონეზე რეგულარულად იმართება თემატური კონსულტაციები.

NGC–ის ფარგლებში ყოველწლიურად 20-ზე მეტი შეხვედრა იმართება პოლიტიკურ, უსაფრთხოების, თავდაცვის, დემოკრატიის, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ა.შ. საკითხებზე.
2011 წელს, ქ. ბერლინში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ალიანსისა და საქართველოს ისტორიაში პირველად იქნა მიღებული ერთობლივი დეკლარაცია.

 

ნატო-საქართველოს კომისიის დაფუძნების ჩარჩო -დოკუმენტი

1. ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია- ნატო და საქართველო:

  • მოწოდებული არიან, გააძლიერონ თანამშრომლობა ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შემდგომი გაძლიერებისთვის და ითანამშრომლონ სტაბილური, მშვიდობიანი და განუყოფელი ევროპისთვის;
  • კვლავ ადასტურებენ ნატო-ს მოკავშირეების მხარდაჭერას საქართველოს სრული დამოუკიდებლობისადმი, სუვერენიტეტისადმი და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რაც აღიარებულია საერთაშორისო სამართლით და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით;
  • გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას საქართველოში განვითარებული შეიარაღებული კონფლიქტის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და რუსეთის ქმედებების გამო, საქართველოს რეგიონების- სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების ჩათვლით;
  • აცნობიერებენ სამხედრო ქმედებებით მიყენებული ზარალის შეფასებაში საქართველოსთვის ხელშეწყობისა და ნორმალური სამოქალაქო ცხოვრების, ეკონომიკური საქმიანობისთვის აუცილებელი სასიცოცხლო ობიექტების აღდგენაში დახმარების ზომების საჭიროებას; და კვლავ ადასტურებენ, რომ საქართველოს აღორძინება, უსაფრთხოება და სტაბილურობა მნიშვნელოვანია ალიანსისთვის;
  • კვლავ ადასტურებენ პარტნიორობა მშვიდობისათვის ჩარჩო დოკუმენტში და ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს დამფუძნებელ დოკუმენტში ასახული საერთო ფასეულობებისა და პრინციპების მხარდაჭერას, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ვალდებულების ჩათვლით;
  • კვლავ ადასტურებენ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებული მექანიზმების, კერძოდ, კი გაწევრიანების საკითხებზე ინტენსიური დიალოგისა და ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის მნიშვნელობასა და ფასეულობას;
  • ითვალისწინებენ ბუქარესტის სამიტის კომუნიკეს 23-ე მუხლს, რომელშიც ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები მიესალმნენ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას ნატოში გაწევრიანების მიზნით; შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი; შეთანხმდნენ, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის არის შემდგომი ნაბიჯი გაწევრიანების გზაზე; გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებისადმი გადავიდეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე; შეთანხმდნენ, დაიწყოს ინტენსიური ჩართულობის პერიოდი მაღალ პოლიტიკურ დონეზე, რათა პასუხი გაეცეს ჯერ კიდევ არსებულ კითხვებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადასვლასთან დაკავშირებით; დაავალეს რა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებს, გაკეთდეს პროგრესის პირველადი შეფასება 2008 წლის დეკემბრის შეხვედრაზე და შეთანხმდნენ, მიენიჭოთ საგარეო საქმეთა მინისტრებს უფლებამოსილება, გადაწყვიტონ საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადასვლის საკითხი;
  • ითვალისწინებენ აგრეთვე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების 2008 წლის 19 აგვისტოს განცხადებას, რომლითაც მათ კვლავ დაადასტურეს 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების გადაწყვეტილებებისადმი ერთგულება, მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით და ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებას, განაგრძონ საქართველოსთან ინტენსიური ჩართულობის პერიოდი, რათა დეკემბრამდე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით უპასუხონ კითხვებს საქართველოს მიერ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მოთხოვნასთან დაკავშირებით;
  • ითვალისწინებენ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების 2008 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებას ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის შესახებ;
  • აღიარებენ ერთობლივი პოლიტიკური, საკონსულტაციო და საკოორდინაციო ორგანოს ჩამოყალიბების მეშვეობით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობას;

 

ნატო-საქართველოს კომისიის მიზნები

ნატო-საქართველოს კომისიის მიზნებია:

  • გააღრმავოს პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა ნატოსა და საქართველოს შორის ყველა შესაბამის დონეზე;
  • ზედამხედველობა გაუწიოს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე დაწყებული პროცესის წარმართვას;
  • კოორდინაცია გაუწიოს ალიანსის ძალისხმევას, ხელი შეუწყოს 2008 წლის ომის შედგების აღმოფხვრას;
  • ხელი შეუწყოს საქართველოს ძალისხმევას, გააგრძელოს პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვის რეფორმები,ნატოში გაწევრიანების მიზნით მის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებასთან დაკავშირებული მიმართული დემოკრატიული და ინსტიტუციონალური მიზნების მისაღწევად.


ნატო-საქართველოს კომისიის პრაქტიკული ასპექტები

ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ნატო-საქართველოს კომისია შეიკრიბება საგარეო საქმეთა მინისტრების, თავდაცვის მინისტრების, შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსებისა და სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების დონეზე;

ნატო-საქართველოს კომისია გამართავს რეგულარულ შეხვედრებს, რომელთა პერიოდულობა შეთანხმებული იქნება ორმხრივად ელჩებისა და/ან სამხედრო წარმომადგენლების მიერ;

აგრეთვე, ნატო-საქართველოს კომისია შეიკრიბება საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე, თუ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას დაემუქრება პირდაპირი საფრთხე, რაც განსაზღვრულია პარტნიორობა მშვიდობისათვის ჩარჩო დოკუმენტის მე-8 მუხლით;

ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში შეხვედრები საქართველოს და ნატო-ს შორის შესაძლოა გაიმართოს პოლიტიკური კომიტეტის და ასევე ნატო-ს სხვა კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების დონეზე, რათა მოიცვას ნატო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სპეციფიკური საკითხები. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომები პოლიტიკური კომიტეტის დონეზე მოამზადებს ელჩების დონეზე გასამართ შეხვედრებს;

ნატო-საქართველოს კომისიის მიზნების განხორციელებისთვის ნატო შეისწავლის შესაძლებლობას, არსებული პროცედურების შესაბამისად, გააფართოვოს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში;

ნატო-საქართველოს კომისიის მიზნების განხორციელებისთვის, ნატო შეისწავლის შესაძლებლობას, ნებაყოფლობითი შენატანის არსებულ პრინციპზე დაყრდნობით, ჩამოაყალიბოს სპეციალური ნდობის ფონდი საქართველოში ცალკეული პროექტების განსახორციელებლად.