წლიური ეროვნული პროგრამა ANP

2008 წლის სექტემბერში ნატო-მ და საქართველომ დააფუძნეს ნატო-საქართველოს კომისია, რომელსაც მიენიჭა მთავარი საზედამხედველო ფუნქცია ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე დაწყებული პროცესის წარმართვაში. 2008 წლის დეკემბერში ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ საქართველო შეიმუშავებს წლიურ ეროვნულ პროგრამას (ANP), რომელშიც ასახული იქნება საქართველოს განვითარების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამხედრო რეფორმა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ეკონომიკური განვითარება და სხვა. მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ANP-ის შემუშავება ხელს შეუწყობს საქართველოს, წარმატებით გაატაროს რეფორმები, რომელსაც ისინი ყოველწლიურად შეაფასებენ.

საქართველო ANP-ის ნატო-ში გაწევრიანების ინსტრუმენტად განიხილავს და შესაბამისად, დოკუმენტი ასახავს ყველა იმ მნიშვნელოვან რეფორმებსა თუ საკითხებს, რაც მას ხელს შეუწყობს ნატო-ს სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოვებას.

მიუხედავად იმისა, რომ ANP არის ეროვნული დოკუმენტი და მისი შემუშავებისას ნატოსგან რაიმე ფორმალურ თანხმობას არ საჭიროებს, საქართველო ყოველი წლის დასაწყისში წარუდგენს ალიანსს დოკუმენტს. შემოდგომაზე საქართველო აგზავნის ნატო-ში ANP-ის განხორციელების თვითშეფასების დოკუმენტს, რის შემდეგაც, საქართველოში ნატო-ს შემფასებელთა მისიის ვიზიტი იმართება. დელეგაცია შეხვედრებს მართავს დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული ყველა უწყების წარმომადგენელთან და წლის ბოლოს ალიანსი წარმოადგენს წლიური ეროვნული პროგრამის შეფასებას.

ამჟამად საქართველო ახორციელებს წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) IX ციკლს. ხაზგასასმელია, რომ წლების განმავლობაში, ნატო დადებით შეფასებას აძლევს წლიური ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტების შესრულებას.