საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისია

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №437

2012 წლის 31 ოქტომბერი ქ.თბილისი

„საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის №22 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 135) და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი;
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი;
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი;
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი;
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის მდივანი.

2.სახელმწიფო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს;
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს;
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს;
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის #22 დადგენილებით 2005 წლიდან საქართველოში ფუნქციონირებდა "NATO-სთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორცილების სახელმწიფო კომისია", რომელიც წარმართავდა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) კოორდინაციის პროცესს და უზრუნველყოფდა მის დროულ, ეფექტურ განხორცილებას.

NATO-საქართველოს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის #43 დადგენილებით 2005 წლის დადგენილებაში შევიდა ცვლილებები და მოხდა უკვე არსებული სახელმწიფო კომისიის განახლება. შესაბამისად, სახელწოდებასთან ერთად, "საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისია", მოხდა მისი ტექნიკური როლის შინაარსობრივით ჩანაცვლება.

საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის მიერ განსახორციელებელი სამუშაოს კოორდინაციის, მონიტორინგისა და კონტროლის ფუნქცია დაეკისრა საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

სტრუქტურული თვალსაზრისით სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა იგივე დარჩა: თავმჯდომარე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავმჯდომარის მოადგილე - ვიცე-პრემიერ მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და წევრები – ინტეგრაციის პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების პირველი პირები.

კომისიის ფარგლებში განისაზღვრა საკითხების ძირითადი მიმართულებები და თემატური ნიშნით შეიქმნა უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფები:

სამუშაო ჯგუფი N1 - პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხები;

სამუშაო ჯგუფი N2 - ეკონომიკური საკითხები;

სამუშაო ჯგუფი N3 - თავდაცვის საკითხები;

სამუშაო ჯგუფი N4 - რესურსების საკითხები;

სამუშაო ჯგუფი N5 - სამართლებრივი საკითხები.

უწყებების მიხედვით განისაზღვრა აღნიშნულ ჯგუფებზე პასუხისმგებელი მინისტრები და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები.

კომისიის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების მიერ მზადდება ყოველი წლის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) განხორცილების გაწერილი დაწვრილებით გეგმა, სადაც ANP-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებებისა და ვადების გარდა მოცემულია ჯგუფების მუშაობის პერიოდულად განახლებადი შედეგებიც.