რა არის ნატო?

ნატო

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო), რომელიც შეიქმნა 1949 წლის 4 აპრილს, არის ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 28 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომლის მიზანია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება.

ნატო-ს ძირითადი ამოცანაა მისი წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. იგი იცავს მოკავშირეების დემოკრატიის საერთო ფასეულობებს, პიროვნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. ნატო წარმოადგენს ფორუმს, სადაც მოკავშირეებს შეუძლიათ განიხილონ უსაფრთხოების საკითხები და ერთობლივად იმოქმედონ.

ნატო არის სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, სადაც წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ალიანსში ყველა გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ კონსესუსის საფუძველზე. ალიანსში გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები ორგანოა ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომლის სხდომებს ნატო-ს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს.

ნატო-ს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს წევრი ქვეყნების დაცვა აგრესიისგან და ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება ყველა წევრზე თავდასხმად, რაც დამფუძნებელი ხელშეკრულების მეხუთე მუხლით არის გათვალისწინებული:

“ხელშეკრულების მონაწილე მხარეები თანხმდებიან, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ერთ, ან რამდენიმე მხარეზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა მიიჩნევა, როგორც თავდასხმა ყველას წინააღმდეგ და არსებულ შემთხვევაში, გაერთიანებული ერების წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური თუ კოლექტიური თავდაცვის უფლების გამოყენებით და საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ძალის გამოყენებით ისინი დახმარებას გაუწევენ საფრთხეში მყოფ მხარეს ან მხარეებს, რათა შეინარჩუნონ ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოება. ნებისმიერი ამგვარი სახის შეიარაღებული თავდასხმის და მის მიმართ განხორციელებული ღონისძიების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უშიშროების საბჭოს. ამგვარი ღონისძიებები დასრულდება მაშინ, როცა უშიშროების საბჭო მიიღებს ზომებს, რაც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენისათვის იქნება მიმართული.

პარტნიორობა მშვიდობისათვის

პროგრამა ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის” (PFP) მიზნად ისახავს ნდობის დამყარებას ნატო-ს,  ევროპაში ნატო-ს არაწევრ ქვეყნებსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის. იგი პირველად იქნა შემოთავაზებული, როგორც ამერიკის ინიციატივა 1993 წლის 20-21 ოქტომბერს, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ტრავემუნდში (გერმანია).

1994 წლის 10-11 იანვარს ნატო-მ წარადგინა პრაქტიკული თანამშრომლობის ორმხრივი პროგრამა - ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის” ნატო-სა და ინდივიდუალურ პარტნიორ ქვეყნებს  შორის, რომელიც საშუალებას აძლევს პარტნიორ ქვეყნებს, დაამყარონ ინდივიდუალური ურთიერთობა ნატო-სთან საკუთარი პრიორიტეტების არჩევის გზით თანამშრომლობისათვის.

დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით, რასაც თავად ალიანსი ემყარება, “პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის” მიზანია საფრთხეების თავიდან აცილება, სტაბილურობის განმტკიცება და  მყარი თანამშრომლობის ჩამოყალიბება,  როგორც ნატო-სა და ინდივიდუალურ პარტნიორ ქვეყნებს შორის, ისე თავად პარტნიორ სახელმწიფოებს შორის.

“პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის” ფორმალურ საფუძველს წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც თითოეული პარტნიორისთვის სპეციალურ ვალდებულებებს განსაზღვრავს. პარტნიორი სახელმწიფო ღებულობს დემოკრატიული საზოგადოების, საერთაშორისო სამართლის პრინციპების, გაეროს ქარტიის, ადამიანის უფლებების უნივერსალური დეკლარაციის, ჰელსინკის საბოლოო აქტის, საერთაშორისო განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის შეთახმებებით აღებული ვალდებულებების დაცვის, სამხედრო ძალის გამოყენებისაგან თავის შეკავების, არსებული საზღვრების პატივისცემისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკურ ვალდებულებებს.

დოკუმენტი, ასევე ითვალისწინებს სპეციალურ ვალდებულებებს ეროვნული თავდაცვის დაგეგმარების, ბიუჯეტის გამჭვირვალობის, შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლისა და ნატო-სთან ერთად ერთობლივ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის უზრუნველყოფის შესახებ.

,,პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის” ფარგლებში ალიანსი და პარტნიორი ქვეყნები ერთობლივად ატარებენ წვრთნებს და მონაწილეობას იღებენ ნატო-ს ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში, თანამშრომლობენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, თავდაცვის რეფორმირების პროცესში, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის, ნაღმებითა და დასაწყობებული აღჭურვილობით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილების, ბუნებრივი კატასტროფისთვის მზადყოფნის საკითხებში და სამეცნიერო კვლევებში.

პარტნიორმა ქვეყნებმა უკვე განახორციელეს და აგრძელებენ მნიშნველოვან კონტრიბუციას ალიანსის ოპერაციებსა და მისიებში. აღნიშნულ ღონისძიებებში პარტნიორი ქვეყნის ძალების თავსებადობისთვის რეგულარულად იმართება წვრთნისა და აღჭურვის პროგრამები ალიანსსა და პარტნიორებს შორის.

ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო

ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო (EAPC) არის მრავალმხრივი ფორუმი, რომელიც ნატო-ს, ევროპაში ნატო-ს არაწევრ ქვეყნებსა და ევროპის პერიფერიაზე მდებარე აზიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით არის შექმნილი. წევრი ქვეყნები იკრიბებიან, რათა ითანამშრომლონ და შეთანხმდნენ რიგ პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე.

ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა 1997 წელს მიიღეს გადაწყვეტილება შეექმნათ ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო, რომელმაც ჩაანაცვლა ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო.

ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო არის 28 წევრი სახელმწიფოს და 22 პარტნიორი ქვეყნის მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორუმი, რომელიც იკრიბება ყოველთვიურად ელჩების დონეზე, ხოლო ყოველწლიურად საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების დონეზე.

გრძელვადიანი პოლიტიკური კონსულტაციები და თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში ხორციელდება ევროატლანტიკური პარტნიორობის სამუშაო პროგრამის ფარგლებში. ეს სფეროები მოიცავს მშვიდობის დაცვისა და კრიზიების მართვის ოპერაციებს, რეგიონულ საკითხებს, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობაზე კონტროლს, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, დაგეგმვის, ბიუჯეტისა და სტრატეგიის პოლიტიკას, საგანგებო სიტუაციების დაგეგმარებას, შეიარაღების ოპერაციებს, ატომურ უსაფრთხოებას, საჰაერო მიმოსვლის მართვის სამოქალაქო და სამხედრო კოორდინაციასა და სამეცნიერო თანამშრომლობას.

ნატო-ს სტრუქტურა
ნატო-ს წევრი ქვეყნების დელეგაციებისა და მისიების მუშაობის სრულყოფილად განხორციელებას ეხმარება ნატო-ს საერთაშორისო და საერთაშორისო სამხედრო სამსახური, რომელიც მდებარეობს შტაბ-ბინაში. თითოეული სახელმწიფოს წარმომადგენელს აქვს თავისი განსაზღვრული ადგილი საბჭოს შეხვედრების დროსა და არსებულ კომიტეტებში, მათ აქვთ სუვერენული ძალაუფლება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, შესაბამისად ისინი მიღებულ გადაწყვეტილებებზე არიან პასუხისმგებელნი.

ნატო-ს შტაბ-ბინა არის ალიანსის პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მუდმივი ადგილსამყოფელი.

ნატო-ს შტაბ-ბინაში ყველა წევრი ქვეყნიდან სამოქალაქო და სამხედრო წარმომადგენლები კონსესუსის საფუძველზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად იკრიბებიან. შტაბ-ბინა წარმოადგენს დიალოგისა და თანამშრომლობის წარმოების ადგილს პარტნიორ ქვეყნებსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის, რომელიც სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარების მიზნით მათ ერთობლივ მუშაობას უზრუნველყოფს.

ნატო-ს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამსახურს, მაგრამ ადმინისტრაციული თვალსაზრისით, არის საერთაშორისო სამსახურის წევრი. მას გააჩნია პირადი ოფისი, რომელშიც შედიან დირექტორი, მომუშავე პერსონალი, გენერალური მდივნის მოდგილე, სამართლებრივი საკითხების მრჩეველი და პოლიტიკის დაგეგმარების განყოფილება.

ნატო იმართება 28 წევრი სახელმწიფოს მიერ. აქედან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღების პროცესი განისაზღვრება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით და სხვა არსებული დოკუმენტებით. ყველა წევრი სახელმწიფო აგზავნის დელეგაციას ბრიუსელში (ბელგია) ნატო-ს შტაბ-ბინაში. თითოეული დელეგაციის ხელმძღვანელი არის მუდმივი წარმომადგენელი. მუდმივი წარმომადგენლები ქმნიან ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, რომელიც იკრიბება კვირაში ერთხელ და აქვს ნატო-ს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ძალაუფლება.

საბჭო პერიოდულად ატარებს უფრო მაღალი დონის შეხვედრებს, სადაც იკრიბება წევრი სახელმწიფოების თავდაცვისა და საგარეო მინისტრები, ან სახელმწიფოს მეთაურები. ამ დონის შეხვედრებზე გადაწყვეტილებები მიიღება ნატო-ს პოლიტიკასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, თუ რა დონეზე ტარდება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრები, მიღებული გადაწყვეტილებები თანაბარი ძალის მქონეა.

ნატო-ს შტაბ-ბინაში დაახლოებით 4200 ადამიანი მუშაობს სრული განაკვეთით. ამათგან 2100 არის მოკავშირე ქვეყნების ეროვნული დელეგაციის წევრი და ნატო-ს სამხედრო ეროვნული წარმომადგენელი. დაახლოებით 1200 არის ნატო-ს საერთაშორისო სამსახურის სამოქალაქო წევრი, ხოლო 500-ზე მეტი – საერთაშორისო ეროვნული სამხედრო სამსახურის წევრი. სამოქალაქო წევრები, ნატო-ს სააგენტოების თანამშრომლების ჩათვლით, განლაგებულნი არიან ბრიუსელის გარეთ, იმ სამოქალაქო წევრების რაოდენობა, რომლებიც მსახურობენ ნატო-ს საერთაშორისო სამხედრო სამსახურში, დაახლოებით  5200-ს  აღწევს.

ნატო-ს გაფართოება

ნატო-ს “ღია კარის პოლიტიკა” ემყარება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლს. ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს მოწვევას, გახდეს ალიანსის წევრი, იღებს ჩრდილო- ატლანტიკური საბჭო-ს ნატო-ს ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, ალიანსის წევრების კონსენსუსის საფუძველზე. ნატო-ს არაწევრი სახელმწიფო არ მონაწილეობს ამგვარი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ნატო-ს მიმდინარე გაფართოების პროცესი არ წარმოადგენს საფრთხეს არც ერთი ქვეყნისთვის. გაფართოების მიზანი მდგომარეობს სტაბილურობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაში, ერთიანი და თავისუფალი ევროპის მშენებლობაში, მშვიდობისათვის გაერთიანებაში, საერთო დემოკრტიული  ღირებულებების ჩამოყალიბებაში.

ნატო-ს კარი ღიაა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელიც მზადაა, წევრობისთვის საჭირო ვალდებულებები შეასრულოს და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყოს ხელი. 1949 წლიდან ნატო-ს წევრ ქვეყანათა რაოდენობა, გაფართოების ექვსი საფეხურის გავლით 12-დან გაიზარდა 28 ქვეყანამდე.

გაფართოების პირველი სამი საფეხური, რომლის დროსაც საბერძნეთი და თურქეთი (1952), დასავლეთ გერმანია (1955) და ესპანეთი (1982) გახდნენ წევრი ქვეყნები, მიმდინარეობდა ცივი ომის დროს, როდესაც გადაწყვეტილები მიიღებოდა სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით.

ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატო-ს გაფართოების პროცესი ინტენსიური დებატების საგანს წარმოადგენდა. ბევრი პოლიტიკური ანალიტიკოსი არ იყო დარწმუნებული, რომ გაფართოება სასურველ შედეგს მოიტანდა. ზოგიერთი შიშობდა, თუ როგორ აისახებოდა გაფართოების პოლიტიკა ალიანსის კავშირებსა და სოლიდარობაზე როგორც სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი რუსეთთან  ურთიერთობებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით 1995 წელს, ალიანსმა ჩაატარა სწავლება ნატო-ს გაფართოების შესახებ, რომლის საფუძველზეც მადრიდის სამიტზე, 1997 წელს გაწევრიანების მიზნით ალიანსმა ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი და პოლონეთი მოიწვია, რომლებიც 1999 წელს შეუერთდენენ ალიანსს. ეს ქვეყნები გახდნენ ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი ქვეყნებიდან პირველი ნატო-ს წევრი სახელმწიფოები.

1999 წლის ვაშინგტონის სამიტზე შემუშავებული იქნა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (Membership Action Plan  - MAP), რაც ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შესაძლო წევრობისათვის მომზადებაში დაეხმარებოდა.

ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია მოლაპარაკებების დასაწყების მიზნით მიწვეულ იქნენ ალიანსის პრაღის სამიტზე 2002 წელს და ნატო-ს წევრები გახდნენ 2004 წელს. აღსანიშნავია, რომ შვიდივე ქვეყანა მონაწილეობას იღებდა წევრობის სამოქმედო გეგმაში.

ალბანეთი და ხორვატია, რომლებიც მოწვეულ იქნენ 2008 წლის აპრილში ჩატარებულ ბუქარესტის სამიტზე, ფორმალურად ალიანსის წევრები გახდნენ 2009 წლის 1 აპრილს.

2009 წლის დეკემბერში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან მიერთების მიზნით მოიწვიეს მონტენეგრო, ხოლო ბოსნია-ჰერცოგოვინა იქნებოდა მიწვეული მას შემდეგ რაც ის მიაღწევდა საჭირო პროგრესს რეფორმების გატარების კუთხით.

ბუქარესტის სამიტზე გაფართოების შესახებ მიღებულ იქნა მთელი რიგი სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ბოსნია-ჰერცოგოვინასა და მონტენეგროსთან დაიწყო ინტენსიური დიალოგი გაწევრიანებასა და რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით. მოკავშირე ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ საქართველო და უკრაინა, რომლებიც უკვე ჩართულნი იყვნენ ინტენსიურ დიალოგში ნატო-სთან, მომავალში გახდებიან ნატო-ს წევრი სახელმწიფოები.