საქართველო და ნატო

საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის მიზანია უსაფრთხო, დემოკრატიული და სტაბილური გარემოს შექმნა. აღნიშნულის მისაღწევად 90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია წარმოადგენს.

ნატო-საქართველოს ურთიერთობას საფუძველი 1992 წელს ჩაეყარა, როდესაც საქართველო შეუერთდა ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (NACC – North Atlantic Cooperation Council), რომელსაც 1997 წლიდან ეწოდა ევრო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო (EAPC - Euro-Atlantic Partnership Council). თანამშრომლობა გაფართოვდა 1994 წელს ნატო-ს "პარტნიორობა მშვიდობისათვის" (PfP - Partnership for Peace) პროგრამასთან შეერთებით, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ნატო-სა და ინდივიდუალურ პარტნიორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.

ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში აღსანიშნავია 2002 წელს პრაღაში გამართული ნატო-ს სამიტი, სადაც საქართველომ პირველად გააჟღერა ნატო-ში გაწევრიანების სურვილი.

2004 წელს საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც შეიმუშავა ნატო-სთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP – Individual Partnership Action Plan), რაც გულისხმობდა დროში გაწერილ სამოქმედო გეგმას, რომლის ფარგლებში საქართველომ ალიანსის წინაშე კონკრეტული ვალდებულებები აიღო. მართალია, აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენდა ალიანსში გაწევრიანების მექანიზმს, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების წარმატებით განხორციელების თვალსაზრისით IPAP-ის ფარგლებში ალიანსთან თანამშრომლობა დიდი მნიშვნელობას იძენდა. დოკუმენტი ითვალისწინებდა რეფორმების გატარებას მთელ რიგ სფეროში და მოითხოვდა საქართველოს მთავრობის ერთიან და კოორდინირებულ ძალისხმევას მათი ეფექტიანი განხორციელებისათვის.

ნატო-ს საერთაშორისო სამსახური IPAP-ის განხორციელების შეფასებას ყოველწლიურად ახორციელებდა. 2004-2008 წლებში სულ 5 შეფასება განხორციელდა (4 ოფიციალური და 1 არაოფიციალური შეფასება).

საქართველოს ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოვების მიზნით 2006 წლის 21 სექტემბრიდან ალიანსმა დაიწყო თანამშრომლობა საქართველოსთან "გაწევრიანების საკითხებზე ინტენსიური დიალოგის" (ID – Intensified Dialogue on Membership Issues) ფარგლებში. ინტენსიური დიალოგი წარმოადგენდა ნატო-საქართველოს შორის ერთობლივი თანამშრომლობის მექანიზმს და მოსამზადებელ ეტაპს, რომელიც დაეხმარებოდა საქართველოს, უკეთესად გაცნობოდა ნატო-ში გაწევრიანებისათვის საჭირო კრიტერიუმებს.

ID-ის ფორმატში ნატო-საქართველოს შორის მრავალი კონსულტაცია გაიმართა პოლიტიკურ, უსაფრთხოების, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების, თავდაცვის, სამოქალაქო საგანგებო დაგეგმვის, ეკონომიკურ, მეცნიერების, განათლების საკითხებზე და სხვა.

2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ნატო-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შემდგომ მოკავშირეებმა გამოთქვეს მზადყოფნა საქართველოს მთელი რიგი სფეროების რეაბილიტაციაში დასახმარებლად და მიიღეს გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს კომისიის (NGC - NATO-Georgia Commission) შექმნის თაობაზე, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ მექანიზმს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებისა და დახმარების პროცესის განხორციელების ზედამხედველობისთვის. ამავე წლის სექტემბერში, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს (NAC - North Atlantic Council) ორდღიანი ვიზიტის შედეგად ხელი მოეწერა ნატო-საქართველოს კომისიის ჩარჩო დოკუმენტს რის შედეგადაც აღნიშნული კომისია ოფიციალურად დაფუძნდა.

2008 წლის დეკემბერში, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის ნატოში ინტეგრაციის ახალი მექანიზმის - წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) მიღების საკითხს. (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ინტეგრაციის მექანიზმების ნაწილი).

აღსანიშნავია, რომ ნატო-ს გაფართოების პოლიტიკის პრაქტიკიდან გამომდინარე, ANP ხორციელდება მხოლოდ MAP-ის (Membership Action Plan) მქონე ქვეყნების მიერ, აქედან გამომდინარე საქართველოს მაგალითი უპრეცედენტოა. წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელება ხელს უწყობს ქვეყნის ნატო-ს სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოებას. ამჟამად, საქართველო ახორციელებს წლიური ეროვნული პროგრამის VII ციკლს.

2011 წლის 15 აპრილს, ბერლინში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ალიანსისა და საქართველოს ისტორიაში პირველად იქნა მიღებული ერთობლივი დეკლარაცია. განცხადებაში მოკავშირეებმა გამოხატეს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

2011 წლის 7 დეკემბერს ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეხვედრა, რომლის შედეგად საქართველო მოიხსენიეს ასპირანტ ქვეყნად მონტენეგროს, ბოსნია-ჰერცეგოვინას და იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიასთან ერთად.

საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია 2012 წელს გამართულ ჩიკაგოს სამიტზე ქართული მხარის მონაწილეობა სამიტის ყველა შეხვედრაში (გარდა უშუალოდ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების შეხვედრისა). ჩიკაგოს სამიტის შემდეგ ნატო-საქართველოს ურთიერთობამ ახალ ეტაპზე გადაინაცვლა, მოხდა საქართველოს დაჯგუფება ბალკანეთის იმ ქვეყნებთან, რომელთა წევრობა გარდაუვალია (იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მონტენეგრო). ამასთანავე, ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ზოგადად ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

მთლიანობაში საქართველოში განხორციელდა ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სამი ვიზიტი - 2008, 2011 და 2013 წლებში, რაც წარმოადგენს უპრეცედენტო რაოდენობას საბჭოს მიერ არაწევრ ქვეყნებში განხორციელებული ვიზიტების კუთხით.

2014 წელს ნატოს უელსის სამიტზე საქართველომ მიიღო ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდას, რაც დაეხმარება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მომზადებაში. პაკეტის ეფექტიანად განსახორცილებელად აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სამუშაოები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით.

ასევე, უელსში, ალიანსის გადაწყვეტილებით ''პარტნიორობის თავსებადობის ინიციატივის" (Partnership Interoperability Initiative)  ფარგლებში, საქართველო შვედეთთან, ფინეთთან, ავსტრალიასა და იორდანიასთან ერთად ჩაერთო და გაწევრიანდა თავსებადობის პლატფორმისა (Interoperability Platform) და გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორების ჯგუფში (Enhanced Opportunity Partners Group).

აღნიშნული ფორმატის ფარგლებში საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა  მონაწილეობა  მიიღოს ნატო-ს სტრატეგიული მნიშვნელობის დისკუსიებში, გაცვალოს ინფორმაცია ნატო-სთან და მოკავშირეებთან უსაფრთხოების საკითხებზე, მონაწილეობა მიიღოს ოპერაციების საწყისი ფაზის დაგეგმვაში და ჰყავდეს მეტი წარმომადგენელი ნატო-ს სტრუქტურებში.

ამასთან, საქართველო ჩაერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების ზრდის ინიციატივაში, რომლის მიზანია გააძლიეროს ნატო-ს ურთიერთობები პარტნიორ ქვეყნებთან და დაეხმაროს ალიანსს სტაბილურობის უზრუნველყოფაში მრავალრიცხოვანი საბრძოლო დანაყოფების გამოყენების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ უელსის სამიტზე მიღებული კომუნიკეს მიხედვით, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, რითაც კვლავ გაესვა ხაზი ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას. ამასთანავე, ნატო-ს კომუნიკეში ჩაიწერა, რომ საქართველოს აქვს ინსტრუმენტები, რომლებიც საჭიროა გაწევრიანების გზაზე ქვეყნის შემდგომი წინსვლისათვის. ეს ინსტრუმენტებია - ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი.

საქართველო, როგორ ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყანა, აქტიურად იღებს მონაწილეობას ნატოს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციებში. ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობით საქართველოს მნიშნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებული ძალები იძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას, რასაც არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და განმტკიცების მიმართულებით.

2015 წლის 1-2 დეკემბერს, ქ. ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართა. მინისტერიალის შედეგად მიღებულ დოკუმენტში მოკავშირეებმა, მონტენეგროს ალიანსში მიწვევით, კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება ნატო-ს ,,ღია კარის" პოლიტიკის მიმართ. ასევე, აღნიშნულ დოკუმენტში ალიანსის წევრების მიერ პირველად მოხდა იმის დადასტურება, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად. ამასთანავე, მოკავშირეებმა კვლავ დაადასტურეს ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ, რომლის თანახმად, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა.

ასევე, აღნიშნული მინისტერიალის შედეგად მიღებულ დოკუმენტში, ნატო-ს წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ხაზი გაუსვეს ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესს. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ვარშავის სამიტისთვის, ნატო-ს მიერ განხილული იქნება ახალი პრაქტიკული საშუალებები პაკეტის იმპლემენტაციისკენ მიმართული ძალისხმევის გასამყარებლად, მათ შორის, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგისა და, ასევე, თავდაცვის და სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროებში გაზრდილი თანამშრომლობის მეშვეობით[1]

საქართველოს მონაწილეობა ნატო-ს სამშვიდობო მისიებში:

ქართული სამხედრო დანაყოფები ჩართული იყვნენ 1999-2008 წლებში კოსოვოში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში (KFOR-Kosovo Forces).

განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს წვლილი ავღანეთის აწ უკვე დასრულებულ საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების ოპერაციაში (ISAF – International Security Assistance Force), სადაც 2004- 2014 წლებში მონაწილეობდა. აღნიშნულ ოპერაციაში მონაწილე ნატო-ს არაწევრ პარტნიორ ქვეყნებს შორის კონტინგენტის რიცხოვნობის თვალსაზრისით საქართველოს პირველი ადგილი ეკავა.

2015 წლიდან საქართველო განაგრძობს ნატო-ს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობას და ჩართულია ,,გადამწყვეტი მხარდაჭერის" მისიაში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ სამხედრო მომსახურეთა რაოდენობით რიგით მეორე კონტრიბუტორია. 2015 წლიდან საქართველო ასევე,  ჩართულია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF – NATO Response Force).

ასევე, საქართველო განაგრძობს მონაწილეობას ხმელთაშუა ზღვაზე მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციაში - ,,აქტიური ძალისხმევა" (Active Endeavour), რომელიც ინიცირებულ იქნა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის საფუძველზე.