ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ნიდერლანდების სამეფოში

20 აპრილს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძე ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ბერტ კუნდერსს შეხვდა. შეხვედრა ქ.ჰააგაში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მიერ დაფიქსირებული პროგრესი. ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა ნიდერლანდების სამეფოს მზაობა მომავალშიც განაგრძოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა და სხვადასხვა პროექტების ხელშეწყობა როგორც სტარტეგიული კომუნიკაციის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და განათლების მიმართულებით.

სახელმწიფო მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებსაც შეხვდა. ჰოლანდიის ახლად არჩეული პარლამენტის წევრები ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით დაგეგმილი ღონისძიებებით დაინტერესდნენ.

სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, შეხვედრა გამართა დემოკრატიისა და სარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტის (IDEA International) ჰააგის ოფისში. სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციის მიზანია მდგრადი დემოკრატიის ხელშეწყობა მთელს მსოფლიოში. ვიქტორ დოლიძემ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები პროგრამების ხელმძღვანელთან სემ ვან დერ სტააკთან განიხილა.
21 აპრილს, ვიზიტის ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ჰააგის ევროპის სახლში გაიმართა სახელმწიფო მინისტრის ლექცია და ფოტო-გამოფენა „Georgias European way". ღონისძიებას ჰააგაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კვლევითი ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა ვიდეოები