დავით ბაქრაძე ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

29 თებერვალს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ბორგე ბრენდესთან. ნორვეგიის სამეფოში, ქ.ოსლოში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე, შეხვედრა გაიმართა სტურტინგის (ნორვეგიის პარლამენტი) საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის წევრთან, პარლამენტის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან მარიტ ნიბაკთან.

მხარეებმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ, თუ მიმდინარე რეფორმებზე იმსჯელეს. ქართული მხარის მიერ განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიერ ნატოს წევრობის გზაზე დაფიქსირებული პროგრესი. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხზეც. მხარეების მიერ კმაყოფილებით აღინიშნა EFTA-თან (ნორვეგია,ისლანდია, ლიხტენშტეინი და შვეიცარია) მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით

„საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ EFTA-ს წარმომადგენლებთან დაასრულა მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი და ჩვენ უახლოეს მომავალში ველოდებით ხელმოწერას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და საქართველოსა და EFTA-ს სახელმწიფოებს შორის. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, იმ მხარდაჭერას, რომელსაც ნორვეგია უცხადებს საქართველოს მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე, აღსანიშნავია, რომ ნორვეგია არის შენგენის წევრი ქვეყანა, შესაბამისად, ის თავისუფალი მიმოსვლა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი, გავრცელდება, ასევე, ნორვეგიაზეც."

სხვა ვიდეოები