დავით ბაქრაძის ორმხრივი შეხვედრები ფინეთში

11-12 მაისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ფინეთში, ქ.ჰელსინკიში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან პეტერ სტენლუნდთან, საგარეო ურთიერთობების საკითხებში ფინეთის პრეზიდენტის მრჩეველთან მიკო ჰაუტალასთან და სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში იააკო ლააიავასთან.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის მოლოდინებზე ისაუბრეს. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის შესრულების პროცესში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე და ხაზი გაესვა სამიტის დეკლარაციაში საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესის ადეკვატური ასახვის აუცილებლობას. დავით ბაქრაძემ განსაკუთრებით აღნიშნა ევროინტეგრაციის პროცესში ფინეთის ხელისუფლების მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობა.

ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძემ, ასევე, მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო-კვლევით ცენტრში „ალეკსანტერი ინსტიტუტ"(Aleksanteri Institute) გამართულ შეხვედრაში თემაზე „საქართველო რიგის სამიტის მოლოდინში". დისკუსიაში ფინეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სხვა ვიდეოები