დავით ბაქრაძის შეხვედრები კვიპროსის რესპუბლიკაში

27 მარტს, კვიპროსის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრა კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან იოანის კასულიდისთან გამართა.

მხარეებმა რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების პროცესი და მოლოდინები განიხილეს. რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარებისა და არსებული საგარეო გამოწვევების ფონზე, ხაზი გაესვა რიგის სამიტის გადაწყვეტილებების მნიშვნელობას აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებისთვის. იოანის კასულიდისმა დაადასტურა კვიპროსის მზაობა სამიტზე საქართველოსთვის დადებითი რეკომენდაციის მხარდაჭერის თაობაზე. მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა. კვიპროსულმა მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა გამოხატა.

საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პესპექტივებზე საგარეო საქმეთა სამინისტროში კვიპროსისა და საქართველოს დელეგაციებმა გაფართოებული კონსულტაციების ფორმატში იმსჯელეს. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების მომზადების მნიშვნელობას.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, ასევე, შეხვედრა გამართა კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის საგარეო და ევროპულ საქმეთა მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან (ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას) პროდრომოს პროდრომუსთან, კვიპროსის რესპუბლიკაში ევროპარლამენტის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ალექსანდრა ატალიდესთან და ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ჯორჯ მარკოპულიოტისთან.

სხვა ვიდეოები