ალექსი პეტრიაშვილის ორმხრივი შეხვედრები ლატვიაში

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ლატვიაში, რიგის მე-9 საერთაშორისო კონფერენციისა და სამუშო ვიზიტის ფარგლებში ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ედგარს რინკევიჩსს და თავდაცვის მინისტრს რაიმონდს ვეიონისს შეხვდა.
შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო უელსში გამართულ ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებებს და მათი განხორციელების გზებს.
ლატვიური მხარის წარმომადგენლებმა დაადასტურეს ლატვიის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. გამოითქვა მზაობა ნატო-ს უელსის სამიტის გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხში ლატვიის მაქსიმალური მხარდაჭერის თაობაზე."უახლოეს პერიოდში საქართველოში მოვლენილი იქნება ექსპერტთა ჯგუფი და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თავდაცვის შესაძლებლობათა ცენტრის გახსნაში და ფუნქციონირებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის ლატვიელი ოფიცრები"-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს. მხარეებმა რიგაში დაგეგმილი 2015 წლის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის მზადებასა და მოლოდინებზე ისაუბრეს. ლატვიური მხარის წარმომადგენლებმა გამოხატეს სრული მხარდაჭერა რიგის სამიტზე საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ლატვიის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კონსულტაციები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უმაღლესი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების დროს მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.

სხვა ვიდეოები