პოლიტიკური დიალოგი

ინსტიტუციური ფორმატი და მექანიზმები პატნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციის შესაბამისად ვითარდება თანამშრომლობისა და დიალოგის ინსტიტუციური ფორმატი და მექანიზმები. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების არსებული ინსტიტუციური ჩარჩო მნიშვნელოვანი ხელშემწყობი მექანიზმია მხარეებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და ინტეგრაციისათვის.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ინსტიტუციურ ჩარჩოში პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების დადების შემდეგ მოექცა. კერძოდ, პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ინსტიტუციურ საკითხებს, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების მე-2 და მე-11 თავები აწესრიგებდა.

პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებით განსაზღვრული ურთიერთთანამშრომლობის ინსტიტუციური ფორმატი მოიცავდა „თანამშრომლობის საბჭოს" და „საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტს"; მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის დირექტორების დონეზე მოქმედებდა „თანამშრომლობის კომიტეტი", რომელიც თავის მხრივ მოიცავდა ოთხ თემატურ ქვეკომიტეტს (ტრანსპორტის, გარემოსა და ენერგეტიტიკის; დასაქმებისა და სოციალური საკითხების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ტრენინგების, განათლებისა და ახალგაზრდობის, კულტურის, ინფორმაციული საზოგადოებისა და აუდიოვიზუალური პოლიტიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების; ეკონომიკის, ვაჭრობისა და დაკავშირებული საკანონმდებლო საკითხების; მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტები).

თანამშრომლობის ინსტიტუციური ფორმატი ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში

2014 წელს, ასოცირების შესახებ შეთანხმებით განისაზღვრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთანამშრომლობის ახალი ინსტიტუციური ფორმატი.

ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, მაღალი დონის პერიოდული პოლიტიკური დიალოგი გაიმართება ასოცირების საბჭოს ფარგლებში (ასევე, ორივე მხარის წარმომადგენლებს შორის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მინისტრების დონეზე, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე). ასოცირების საბჭო შედგება, ერთის მხრივ, ევროკავშირის საბჭოს წევრებისა და ევროკომისიის წევრების და, მეორეს მხრივ, საქართველოს მთავრობის წევრებისგან და იკრიბება (მინისტრების დონეზე) წელიწადში ერთხელ (ნებისმიერი კონფიგურაციით ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე).

ასოცირების საბჭოს ძირითად ფუნქციას შეთანხმების გამოყენებისა და განხორციელების ზედამხედველობა და შეთანხმების ფარგლებში წარმოშობილი ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა წარმოადგენს. ასოცირების საბჭო უფლებამოსილია შეთანხმების ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც სავალდებულოა მხარეებისთვის და შეიმუშავოს რეკომენდაციები ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით.

ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ასევე, შეიქმნა ასოცირების კომიტეტი, რომელიც ეხმარება ასოცირების საბჭოს ცალკეული მოვალეობებისა და ფუნქციების განხორციელებაში.

ასოცირების კომიტეტი შედგება მხარეთა წარმომადგენლებისგან, ძირითადად, მაღალი თანამდებობის.

საჯარო მოხელეების დონეზე. ასოცირების კომიტეტი იკრიბება მინიმუმ, წელიწადში ერთხელ, და მას მონაცვლეობით ხელმძღვანელობს ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენელი. ასოცირების კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ასოცირების საბჭოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად საკუთარი უფლება-მოვალეობების განხორციელებაში ასოცირების კომიტეტს ეხმარება ასოცირების ქვეკომიტეტები. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, შეიქმნა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების 6 დარგობრივი და ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეკომიტეტი (იხილეთ მიმაგრებული ფაილი). საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების ქვეკომიტეტების კოორდინაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახორციელებს.

ასოცირების შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ვალდებულებების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის შეიქმნა 4 ქვეკომიტეტი (ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტი; სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების ქვეკომიტეტი; გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტი; საბაჟო საკითხების ქვეკომიტეტი), რომლის კოორდინატორ უწყებას საქართველოს მხრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმოადგენს.

ასევე, ასოცირების შეთანხმების მე-3 კარით დადგენილი ვალდებულებებისა და მიზნების განხორციელებისათვის მოქმედებს მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე ქვეკომიტეტი. საქართველოს მხრიდან ქვეკომიტეტს კოორდინიციას უწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ამასთან, ასოცირების საბჭოს კონკრეტულ სფეროებთან მიმართებით შეუძლია შექმნას სპეციალური კომიტეტი ან ორგანო, რომელიც აუცილებელია წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისთვის და უფლებამოსილია განსაზღვროს ხსენებული სპეციალური კომიტეტების ან ორგანოების შემადგენლობა, მათი ფუნქციები და მოვალეობები.

საპარლამენტო თანამშრომლობა და სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა

საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალ ინსტიტუციურ ჩარჩოში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საპარლამენტო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებს.

ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, შეიქმნა საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი. კომიტეტი შედგება, ერთის მხრივ, ევროპარლამენტის წევრებისა და, მეორეს მხრივ, საქართველოს პარლამენტის წევრებისგან. საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა შეხვედრისა და აზრთა გაცვლისთვის ფორუმს წარმოადგენს. საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს შეუძლია შექმნას საპარლამენტო ასოცირების ქვეკომიტეტები. ასოცირების საპარლამენტო ქვეკომიტეტის პირველი სხდომა 2015 წლის 3-4 ნოემბერს, ქ. თბილისში გაიმართა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას. შეთანხმების ფარგლებში, შეიქმნა ევროკავშირი-საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების

პლატფორმა, რომელიც დაკომპლექტებულია ევროკავშირის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან (ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წევრების ჩათვლით) და საქართველოს მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან („აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენელთა ჩათვლით).

საქართველო პირველი ქვეყანაა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებს შორის, რომელმაც არასამთავრობო სექტორი აქტიურად ჩართო ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და შესრულების მონიტორინგის პროცესში. 2015 წლის 13 ნოემბერს, საქართველოს მთავრობასა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა (იხილეთ მიმაგრებული ფაილი).

მიმაგრებული ფაილები: