ევროპული სამეზობლო პოლიტიკა

ევროპული სამეზობლო პოლიტიკა

ევროპული სამეზობლო პოლიტიკა (ENP) ევროკავშირის სამხრეთით და აღმოსავლეთით მდებარე მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის ძირითად მექანიზმს წარმოადგენს. სამეზობლო პოლიტიკის მიზანია, ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთდაახლოების პროცესის მხარდაჭერა, რაც დემოკრატიის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გავრცელებით, ერთიანი და თავისუფალი ევროპის იდეის განხორციელებას ემსახურება.

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა 2004 წელს, ევროკავშირში ახალი წევრი სახელმწიფოების მიღების შემდგომ შემუშავდა მეზობელ სახელმწიფოებთან გამყოფი ხაზების თავიდან აცილებისა და აღნიშნულ სივრცეში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მხარდაჭერის მიზნით.

ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში 16 ქვეყანაა (ალჟირი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ეგვიპტე, იორდანია, ისრაელი, ლიბანი, ლიბია, მოლდოვა, მაროკო, პალესტინა, საქართველო, სირია, სომხეთი, ტუნისი, უკრაინა) ჩართული. აქედან, 12 ქვეყანა სრულად მონაწილეობს სამეზობლო პოლიტიკაში, ხოლო 4 ქვეყნის (ალჟირი, ბელარუსი, ლიბია, სირია) მონაწილეობა ვრცელდება სამეზობლო პოლიტიკის ცალკეულ მექანიზმებზე.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკა ორმხრივი მფლობელობის პრინციპს ეფუძნება, რაც ევროკავშირისა და სამეზობლო პოლიტიკის მონაწილე ცალკეული სუბიექტის მხრიდან გარკვეულ ქმედებებს გულისხმობს. პოლიტიკის მიზნების განხორციელებას ხელს უწყობს ევროპული საგარეო ქმედების სამსახური,ლ რომელიც ეხმარება ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების უმაღლეს წარმომადგენელს და ევროკომისიონერი, რომელიც უშუალოდ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებს კურირებს.

ევროკომისიის მიერ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელება მის მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობით მომზადებული, ქვეყნის ან რეგიონის მიმართ შემუშავებული სტრატეგიული სამოქმედო გეგმების საფუძველზე ხორციელდება. აღნიშნულ სამოქმედო გეგმებში ევროკომისია განსაზღვრავს იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარამეტრებს, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს მოცემული ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის შეფასება.

სამოქმედო გეგმა სამეზობლო ინიციატივის ყველა ქვეყანასთან ურთიერთობაში საერთო პრინციპებს ეყრდნობა, თუმცა მისი შინაარსი განსხვავდება მოცემულ ქვეყანასთან თანამშრომლობის არსებული დონის, ქვეყნის საჭიროებებისა და საერთო ინტერესების შესაბამისად. სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის მონიტორინგს ევროკავშირის სპეციალური კომისია და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური (European External Action Service) ახორციელებს, ხოლო, წელიწადში ერთხელ. ევროკავშირი აქვეყნებს სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკა ეფუძნება რიგი ღონისძიებების განხორციელებასა და მჭიდრო თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებებით:

  • ფინანსური დახმარება - ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ცალკეული ქვეყნებში შესაბამისი პროექტების დასაფინანსებლად 2007-2013 წლებში გამოიყო 12 მილიარდი ევრო;
  • ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის ბაზარზე დაშვება;
  • ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივება;
  • სამეზობლო პოლიტიკის მონაწილე ქვეყნების ტექნიკური და საჯარო პოლიტიკის ცალკეულ სფეროებში რეფორმების მხარდაჭერა.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკა, ასევე, ხორციელდება მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდეგ ფორმატებში:

  •  „აღმოსავლეთ პარტნიორობა";
  • ევრო-ხმელთაშუა ზღვის პარტნიორობა;
  • შავი ზღვის სინერგია.

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში

ევროპული სამეზობლო პოლიტიკის მონაწილეებს უკრაინა, მოლდოვა და ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროს ქვეყნები - ალჟირი, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ლიბანი, ლიბია, მაროკო, სირია, ტუნისი და პალესტინის დე-ფაქტო სახელმწიფო წარმოადგენდნენ.

სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებზე ევროპული სამეზობლო პოლიტიკა 2004 წლის ივნისიდან გავრცელდა და რეგიონის ქვეყნებსა და ევროკავშირის შორის არსებული თანამშრომლობის მიღმა, ახალი მიმართულებები მოიცვა.

2006 წლის ნოემბერში, საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის დასრულდა საქართველო–ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შეთანხმება. სამოქმედო გეგმა 2006 წლის 14 ნოემბერს იქნა მიღებული და მისი შესრულებისათვის განისაზღვრა 5 წელი.

2006 წლიდან 2014 წლამდე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სამინისტროებსა და შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით ამზადებდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების ყოველწლიურ გეგმას ლოგიკური ჩარჩოს (მატრიცის) ფორმატში, რომელშიც თითოეული ღონისძიება დეტალურად იყო გაწერილი (სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების განსახორციელებლად). ამავდროულად, ყოველწლიურად მზადდებოდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის (ENP AP) განხორცილების ანგარიში.

2014 წელს, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის (ENP AP) ასოცირების შეთანხმების განხორციელების სამოქმედო გეგმამ ჩაანაცვლა.

მიმაგრებული ფაილები: