აღმოსავლეთ პარტნიორობა

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ (Eastern Partnership - EaP) წინადადება, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობელ ქვეყნებთან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) თანამშრომლობის ახალი ფორმატი, თავდაპირველად  შვედეთისა და პოლონეთის მიერ იყო შემუშავებული.

2008 წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებულმა რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ გამოიწვია აღნიშნული პროცესის დაჩქარება და გარკვეულწილად განაპირობა კიდეც ამ ინიციატივისადმი ევროკავშირის დადებითი გამოხმაურება. შესაბამისად, 2008 წლის დეკემბერში, ევროკომისიას დაევალა ამ ინიციატივასთან დაკავშირებული წინადადებების წარდგენა.

ევროკომისიამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ კომუნიკაცია 2008 წლის 3 დეკემბერს გამოაქვეყნა, რომელიც 2009 წლის 19 მარტს ევროპული საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ არ არის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის ალტერნატივა, არამედ ის, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გზით, ხელს უწყობს პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გაღრმავებას, საერთო ფასეულობების გავრცელებას, რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებასა და ეკონომიკურ განვითარებას.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი ორ წელიწადში ერთხელ იმართება, რომლის ძირითად მიზანს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება წარმოადგენს. პირველი სამიტი 2009 წლის 7 მაისს, ევროკავშირის იმჟამინდელ თავმჯდომარე ქვეყანაში, ქ. პრაღაში (ჩეხეთი) (27+6), ხოლო მეორე 2011 წლის 29-30 სექტემბერს ქ. ვარშავაში (პოლონეთი) გაიმართა. მესამე სამიტი კი 2013 წლის 28-29  ნოემბერს ქ. ვილნიუსში (ლიტვა) არის დაგეგმილი.


„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ ევროკომისიის კომუნიკაციის მიზანი და თანამშრომლობის პერსპექტივები

ევროკომისიის მიერ შემუშავებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ კომუნიკაციის თანახმად, ინიციატივის მთავრი მიზანია ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP) განხორციელების ხელშეწყობა, თუმცა მოცემული ინიციატივა უფრო შორს მიდის და პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან უფრო მეტად დაახლოების მიზნით კონკრეტულ პერსპექტივებს სთავაზობს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ქვეყნებს სთავაზობს შესაძლებლობათა მაქსიმუმს პარტნიორ ქვეყნებში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის, ასევე რეფორმების ინტენსიურობის გათვალისწინებით. 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობა ვითარდება ორი მიმართულებით: ორმხრივიდამრავალმხრივითანამშრომლობის ფორმატებში.  ორმხრივი თანამშრომლობის საბოლოო მიზანია ფართო პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა და პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გააღრმავება, მრავალმხრივი თანამშრომლობის მიზანი კი ახალ ფორმატს უზრუნველყოფს, რომელიც საერთო ინტერესთა სფეროში თანამშრომლობისა და გამოწვევებთან გამკლავების შესაძლებლობას იძლევა. ასეთი ფორმატი, უსაფრთხოებიის, მიგრაციის, ვაჭრობისა, ისევე როგორც ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში, ერთობლივი პროექტების განხორცილების გზით, რეგიონში თანამშრომლობის პროცესების განვითარებას ისახავს მიზნად.

ორმხრივი თანამშრომლობა, ევროკავშირსა და თითოეულ პარტნიორ ქვეყანას შორის, თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ითვალისწინებს, რაც მოიცავს:    

  • ახალი, უფრო ფართო საკონტრაქტო ურთიერთობების ჩამოყალიბებას პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებასთან (PCA) შედარებით გაღრმავებული შეთანხმებების - ასოცირებისშესახებშეთანხმებები (Association Agreements) გაფორმების გზით, რომლებიც უპასუხებს თითოეული პარტნიორი ქვეყნის ევროკავშირთან შემდგომი დაახლოებისკენ სწრაფვას. ეს შეთანხმებები გაფორმდება იმ ქვეყნებთან, რომლებიც მზად იქნებიან საკუთარ თავზე აიღონ შესაბამისი დონის ვალდებულებები;
  • ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორისთავისუფალისავაჭროზონების შექმნას, რომლებიც დაეფუძნება თითოეულ ქვეყანასთან გაფორმებულ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებებს (Deep and Comprehensive Free Trade Areas), როგორც ასოცირების შესახებ შეთანხმების განუყოფელი ნაწილს;
  • უსაფრთხო გარემოში მოქალაქეთა მობილურობისხელშეწყობას. ამ მიზნით, ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებს სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებების (Visa Facilitation and Readmission Agreements) გაფორმების შესაძლებლობებს სთავაზობს. თანმიმდევრული ნაბიჯები იქნება გადადგმული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დამყარებისაკენ;  
  • ენერგოუსაფრთხოებისგაძლიერებას, რაც ითვალისწინებს ენერგო რესურსების მიწოდებასა და ტრანზიტს, ისევე როგორც, ენერგო რესურსების ეფექტიანობის ამაღლებასა და ენერგიის განახლებადი წყაროების ფართო გამოყენებას.    

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ კომუნიკაცია ხაზს უსვამს ერთობლივი მფლობელობის პრინციპზე თანამშრომლობის დაფუძნების მნიშვნელობას, რაც ყველა მონაწილე მხარეზე,  პასუხისმგებლობის გადანაწილებას (Joint Ownership) უწყობს ხელს.

ევროკომისიის მიერ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ განხორციელების მიზნით 2010-2013 წლებისათვის გამოყოფილია 600 მლნ ევრო, რომელიც ევროპული სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის (ENPI) ნაწილს წარმაოდგენს. ეს რესურსები სამი ძირითადი პრიორიტეტული სფეროსთვის გამოიყენება:

  1. პარტნიორი ქვეყნების დახმარება ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამის ფარგლებში (Comprehensive Institutional Building) (175 მლნ ევრო);
  2. რეგიონული განვითარების პროგრამები (Regional Development Programmes), რომლებიც პარტნიორ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სოციალური განსხვავებების შემცირებას ისახავს მიზნად (75 მლნ ევრო);
  3. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მრავალმხრივი თანამშრომლობის (EaP Multilateral Dimension)განვითარება (350 მლნ ევრო).

ევროკომისიის კომუნიკაციის შესაბამისად ჩამოყალიბდა მრავალმხრივი თანამშრომლობის ინსტიტუციონალური სტრუქტურა.

მრავალმხრივი თანამშრომლობა მოიცავს ოთხ თემატურ პლატფორმას, ფლაგმან ინიციატივებსა და პანელებს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მრავალმხრივ ფორმატს საერთო კოორდინაციას უწევს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. პლატფორმებზე პასუხისმგებლები არიან შემდეგი დარგობრივი სამინისტროები: 

-       I პლატფორმა - დემოკრატია, კარგი მმართველობა და სტაბილურობა (Democracy, Good Governance and Stability) – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

-       II პლატფორმა – ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა (Economic Integration and Convergence with EU Policies)– საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

-       III პლატფორმა - ენერგოუსაფრთხოება (Energy Security) – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;

-       IV პლატფორმა – ხალხთა შორის კონტაქტები (Contacts between People) – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

ერთობილი პროექტების განხორციელების მიზნით ფუნქციონირებსფლაგმანი ინიციატივები: ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფათა წინააღმდეგ პრევენცია, მზადყოფნა და ბრძოლა; საზღვრის ინტეგრირებული მართვა; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა; გარემოს მართვა და რეგიონული ელექტრო ბაზრები, გაუმჯობესებული ენერგოეფექტიანობა და განახლებადი წყაროების გამოყენების გაზრდა.

შეიქმნა შემდეგი პანელები: საზღვრის ინტეგრირებული მართვა; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; საჯარო ადმინისტრირების რეფორმა; სასამართლო სისტემის გაუმჯობესებული ფუნქციონირება;მიგრაცია და თავშესაფარი; საერთო უსაფრთოხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა; გარემოსა და კლიმატის ცვლილება; ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული რეგულაციების სფეროებში თანამშრომლობა, დაკავშირებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან; მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკა; ტრანსპორტი; სოფლის მეურნეობა და განვითარება; კვლევა და ინოვაცია.

საქართველო აქტიურად უჭერს მხარს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოპულარიზაციას და პარტნიორ ქვეყნებში სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას. საქართველო გახდა მიმზიდველი ქვეყანა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ღონისძიებების მასპინძლობის თვალსაზრისით. საქართველოში  ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები:  

  • 2011 წელი:  

-          14 აპრილი - IV პლატფორმის ფარგლებში - „აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურულ რეგიონულ სემინარი“ ;  

-          20 მაისი -  I პლატფორმის ფარგლებში - „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პანელის“  მესამე შეხვედრა;

-          27-28 ივლისი - I პლატფორმის ფარგლებში სემინარი - „საბაჟო პრიორიტებების განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“ ;

-          4-6 ოქტომბერი - I პლატფორმის ფარგლებში „საზღვრის ინტეგრირებული მართვის პანელის“  მეხუთე შეხვედრა.

  • 2012 წელი:

-          29 მარტი - I პლატფორმის ფარგლებში სემინარი - „საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციისა და საჯარო სექტორის ღია მონაცემების გამჭვირვალობა“ ;

-          23 აპრილი - I პლატფორმის ფარგლებში სემინარი - „მონაცემების გაცვლის ინფრასტრუქტურა საქართველოში“;

-          3-4 მაისი - I პლატფორმის ფარგლებში „მიგრაციისა და თავშესაფრის პანელის“  მეორე შეხვედრა;

-          14 ივნისი - I პლატფორმის ფარგლებში „საჯარო ადმინისტრირების რეფორმის პანელის“ მეორე შეხვედრა;

-          22 ივნისი - I პლატფორმის ფარგლებში „სასამართლო სისტემის გაუმჯობესებული ფუნქციონირების პანელის“  პირველ შეხვედრა;

-          1 სექტემბერი - კონცერტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ორკესტრის შესრულებით;

-          8-9 ოქტომბერი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ კულტურული პროგრამის ფარგლებში პირველი რეგიონულ კონფერენცია;

-          30-31 ოქტომბერი - II პლატფორმის ფარგლებში „მცირე და საშუალო საწარმოების მიმართ პოლიტიკის საკითხებზე პანელის“  მესამე შეხვედრა.

  • 2013წელი:

-          31 იანვარს-1 თებერვალი - I პლატფორმის ფარგლებში ტრეინინგი - „ინფორმაციის დაცვა და უსაფრთხოება“;

-          12-13 თებერვალი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის მინისტრების არაფორმალური დიალოგი;

-          20-21 მარტი - I პლატფორმის „მიგრაციისა და თავშესაფრის პანელის“ მეოთხე შეხვედრა რეადმისიის, დაბრუნებისა და რეინტეგრაციის საკითხებზე;

-          17 ივნისი - III პლატფორმის ფარგლებში, ენერგომარეგულირებლებთან თანამშრომლობით, მეორე სემინარი რეგულირების შესაბამისობის შესახებ;

-          27-28 ივნისი - მინისტერიალი კულტურის სფეროში;

-          20-22 აგვისტო - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონალური ახალგაზრდული სამსახურის (Eastern Partnership Youth Regional Unit (EPYRU) ტრეინინგი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებასა და ახალგაზრდების ჩართულობაზე;

-          12-13 სექტემბერი - II პლატფორმის ფარგლებში ბიზნესის განვითარების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის (II ლაბორატორია) - „თვითდასაქმება და მეწარმეობა“  შეხვედრა;

-          26-28 სექტემბერი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ კულტურული პროგრამის პროექტის “Strengthening Creative Industries in Armenia, Azerbaijan, and Georgia: Heritage Crafts – Common Platform for Development” ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია - „Notion of Culture as a Force for Economic Growth, New Approach for South Caucasus”.

  • 2014 წელი:

-          1-2 აპრილი – „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების პლენარული სესია;

-          29 სექტემბერი – „აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა წარმომადგენლების კონფერენციის“ (CORLEAP) მე-4 სხდომა;

-          16 ოქტომბერი – „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საჯარო ადმინისტრირების პანელის მე-7 შეხვედრა;

-          21-22 ოქტომბერი – „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ II პლატფორმის ფარგლებში ვაჭრობის პანელის შეხვედრა;

-          23-24 ოქტომბერი – „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ SME-ი პანელის შეხვედრა.

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ფუნქციონირებს „ევრონესტი“ (Euronest) -თანამშრომლობის  საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც 2011 წლის 2-3 მაისს ბრიუსელში, ევროპარლამენტის წევრებისა და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით შეიქმნა. 2013 წლის 13-15 თებერვალს ქ. თბილისში გაიმართა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის და დემოკრატიის კომიტეტის სხდომა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი

ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივის ფარგლებში მოხდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციონალიზაცია ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის აქტიური თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის. ამ მიზნით, 2009 წლის 17 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი (EaP Civil Society Forum - CSF) დაფუძნდა.

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ფარგლებში ამჟამად ხუთი სამუშაო ჯგუფი ფუნქციონირებს, მათგან 4 შინაარსობრივად „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მრავალმხრივი თანამშრომლობის თემატური პლატფორმების ანალოგიურია, ხოლო მე-5 თემატური ჯგუფის „სოციალური პარტნიორობა და სოლიდარობა" დაარსების შესახებ გადაწყვეტილება 2011 წლის 28-30 ნოემბერს ქ. პოზნანში, პოლონეთში გამართულ CSF-ის მესამე შეხვედრაზე იქნა მიღებული.

CSF-ის მუშაობას 18 წევრისგან შემდგარი მმართველი კომიტეტი ხელმძღვანელობს, რომლის წევრები არიან თითოეული სამუშაო ჯგუფის კოორდინატორები, პარტნიორი ქვეყნებიდან ეროვნული კოორდინატორები (National Facilitators), ასევე, ევროკავშირისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მმართველი კომიტეტის სამდივნო ქ. ბრიუსელში ჩამოყალიბდა.

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სხდომები იმართება ყოველწლიურად. ფორუმის სხდომებზე ხდება ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნებისთვის რეკომენდაციების შემუშავება. შეხვედრებზე, ასევე, ხდება პარტნიორი ქვეყნების კოორდინატორების (National Facilitators), სამუშაო ჯგუფების ორ-ორი კოორდინატორის (Working Group Coordinators) და ევროკავშირის სამი კოორდინატორის (EU Coordinators) განახლებული შემადგენლობის არჩევა.

CSF-ის მუშაობის წარმართვის მიზნით, თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში შექმნილია ეროვნული პლატფორმები. ამ დროისთვის საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში 126 ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული. ეროვნულ პლატფორმაში ოთხი თემატური ჯგუფი ფუნქციონირებს. ეროვნული პლატფორმის საქმიანობას საკოორდინაციო საბჭო წარმართავს, რომლის შემადგენლობაში თითოეული სამუშაო ჯგუფის 2 თანაკოორდინატორი შედის. „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის" თავმჯდომარეა, „ლიბერალური აკადემია - თბილისის" დირექტორი, ბ-ნი ლაშა ტუღუში.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის" საკითხების კოორდინატორი უწყება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აქტიურად თანამშრომლობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენლებთან.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 20-21 ნოემბერს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მეექვსე ყოველწლიური შეხვედრა გაიმართება საქართველოში, ქ. ბათუმში. დაარსებიდან ხუთ წელიწადში, პლატფორმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრიდან გარდაიქმნა ინსტიტუციონალიზირებული პოლიტიკის ფორუმად, რომელიც ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) თავიანთი იდეებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მეშვეობით აერთიანებს, რომლის საერთო მიზანს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროინტეგრაციის პროცესის გავრცელება წარმოადგენს.

[1] მე-2 შეხვედრა - 2010 წლის 18-19 ნოემბერი, ქ. ბერლინი, გერმანია

მე-3 შეხვედრა - 2011 წლის 28-30 ნოემბერს, ქ. პოზნანი, პოლონეთი

მე-4 შეხვედრა - 2012 წლის 29-30 ნოემბერი, ქ. სტოკჰოლმი, შვედეთი

მე-5 შეხვედრა - 2013 წლის 4-5 ოქტომბერი, ქ. კიშინეუ, მოლდოვა