შეთანხმება საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ

2014 წლის 27 ივნისს, ბრიუსელში, ხელი მოეწერა „ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ" შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DC FTA) კომპონენტს (იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი).

2015 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ასოცირების შეთანხმება რატიფიცირებულია ევროკავშირის 24 წევრი-სახელმწიფოსა და ევროპარლამენტის მიერ (შეთანხმება ჯერ არ არის რატიფიცირებული ბელგიის, იტალიის, საფრანგეთისა და საბერძნეთის მიერ).

საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტის რატიფიცირება 2014 წლის 17 ივლისს განახორციელა.

2014 წლის 1 სექტემბრიდან, ძალაში შევიდა ასოცირების შესახებ შეთანხმების დიდი ნაწილი, მათ შორის ასოცირების შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DC FTA) ნაწილი (იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი). შეთანხმება ძალაში სრულად შევა ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ რატიფიცირების შემდეგ.

2014 წლის ივნისში, საქართველო და ევროკავშირი შეთანხმდნენ ასოცირების დღის წესრიგზე, რომელიც ადგენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების პრიორიტეტებს 2014-2016 წლებისთვის (იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი).

საქართველოს მთავრობა ასოცირების შეთანხმებასა და ასოცირების დღის წესრიგს ყოველწლიური ეროვნული სამოქმედო გეგმის საფუძველზე ახორციელებს.

2014 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის საქართველოს მიერ განხორციელების პროგრესი პოზიტიურად შეფასდა ასოცირების საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც 2014 წლის 17 ნოემბერს გაიმართა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 იანვრის №59 განკარგულებით დამტკიცდა (იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი).

 

მიმაგრებული ფაილები: