ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის ფუნქციები

ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის (PAO) საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია, რომლის ფუნქციებში შედის:

  • ევროკავშირის დახმარების მიღებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების და სხვა შესაბამისი დოკუმენტების, მათ შორის საპროექტო წინადადებების მომზადება:
    • ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შვიდწლიანი სამოქმედო გეგმების განსაზღვრის მიზნით, მოლაპარაკებების პროცესის კოორდინაცია ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის;
    • შვიდწლიანი გეგმების ფარგლებში ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შემუშავების მიზნით საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის მოლაპარაკებების პროცესის კოორდინაცია;
    • ყოველწლიური სამოქმედო გეგმების ფარგლებში შეთანხმებული პრიორიტეტების საფინანსო შეთანხმებების მომზადება და გაფორმება
  • ევროკავშირის დახმარების პროგრამების/პროექტების მომზადებისა და განხორციელების საერთო კოორდინაცია:
    • გეოგრაფიული ინსტრუმენტების ფარგლებში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი პროგრამებისა და პროექტების (სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამა - SPSP; საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა - Twinning; ტექნიკური დახმარების პროგრამა - TA; ინფორმაციის გაცვლისა და ტექნიკური დახმარების პროგრამა - TAIEX; მართვისა და მმართველობის განვითარების მხარდაჭერის პროგრამა - SIGMA; ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამა - CIB; საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამა - CBC) შესაბამისი დოკუმენტების მომზადების პროცესში საქართველოს საჯარო სამსახურების, თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების და პროფესიული კავშირების მხარდაჭერა.
  • საინფორმაციო და საკონსულტაციო საქმიანობის წარმოება:
    • ადგილობრივი და რეგიონული კონფერენციების ორგანიზება ევროკავშირის დახმარების პროგრამებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციის წარდგენის, გაცვლისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით;
    • ევროკავშირის დახმარების პროგრამებისა და პროექტების ბენეფიციარებისთვის სემინარების და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
    • ევროკავშირის დახმარების პროგრამებისა და პროექტების ბენეფიციარებისთვის ტრეინინგების ორგანიზება პროგრამებისა და პროექტების მართვის და განხორციელების პროცესში უნარების გაუმჯობესების მიზნით.
    • საინფორმაციო ბიულეტენებისა და ბუკლეტების მომზადება, გამოცემა და გავრცელება.

ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტს, ევროკავშირის ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების მომზადებისა და მართვის პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის კუთხით დაგეგმილი რეფორმების წარმატებით განხორციელების მიზნით, მხარდაჭერას უწევს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარების პროექტი. ეს არის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის (PAO) მხარდამჭერი მესამე პროექტი, რომელიც 2012 წლის იანვარში დაიწყო და 2014 წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტს ახორციელებს ავსტრიული საკონსულტაციო კომპანია Human Dynamics.  

ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ძირითადი მიზნებია:

  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შესაძლებლობათა გაძლიერება ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტების, მათ შორის პროგრამა CIB-ის განხორციელებაში.
  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის (PAO) შესაძლებლობათა განვითარება ტექნიკური დახმარების, Twinning, TAIEX, SIGMA, საგრანტო პროგრამების და სექტორული პოლიტიკის მხარდამჭერი პროგრამების ფარგლებში კონკრეტული პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში.

პროექტი მოიცავს ოთხ ძირითად კომპონენტს:

  • კომპონენტი 1 - გულისხმობს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას ევროკავშირის საგარეო დახმარების სტრატეგიული დაგეგმვისა და ტექნიკური მართვის გაუმჯობესების მიზნით.
  • კომპონენტი 2 - გულისხმობს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის მხარდაჭერას ევროკავშირის ინსტიტუციური განვითარების ინსტრუმენტების - საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა (Twinning), ტექნიკური დახმარება ინფორმაციის გაცვლა (TAIEX) და მართვისა და მმართველობის განვითარების მხარდაჭერის პროგრამა (SIGMA)- განხორციელებისათვის საჭირო საქმიანობის, კოორდინაციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით.
  • კომპონენტი 3 - გულისხმობს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის ვალდებულებების შესრულებაში ასოცირების ხელშეკრულებისა (AA) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმებებთან დაკავშირებული საჭირო რეფორმების განხორციელებისათვის;
  • კომპონენტი 4 - გულისხმობს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერას, სამთავრობო დონეზე საგარეო დახმარების საერთო კოორდინაციის ეფქტურობის გაზრდის მიზნით;