პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება

 პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება

1996 წლის 22 აპრილს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა, ევროკომისიისა და საქართველოს პრეზიდენტებმა საქართველო-ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, მოაწერეს ხელი (იხილეთ დანართი). შეთანხმება 1999 წელს შევიდა ძალაში. ევროკავშირმა ანალოგიური შეთანხმებები აღმოსავლეთის ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 10 ქვეყანასთან გააფორმა.

პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები მოიცავს ურთიერთთანამშრომლობის მრავალ მიმართულებას, რომლის ფარგლებში მხარეები ცალკეული მიზნების მისაღწევად ერთობლივი მუშაობის ვალდებულებას იღებენ.

პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ზოგადი მიზნებია:

  • პოლიტიკური დიალოგისთვის სათანადო ჩარჩოს შემუშავება;
  • დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა;
  • საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის მხარდაჭერა;
  • ვაჭრობისა და ინვესტირების წახალისება.

პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები, ასევე, ორიენტირებულია საკანონმდებლო, ეკონომიკური, სოციალური, ფინანსური, სამეცნიერო, კულტურული და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებებით ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარებისაკენ.

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში 

ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის უწყვეტ პროცესს. შეთანხმების 43-ე მუხლის თანახმად, საქართველომ ეტაპობრივად უნდა დაუახლოვოს საკუთარი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას.

აღნიშნული მუხლის თანახმად, საკანონმდებლო ჰარმონიზაციის კუთხით პრიორიტეტულ სფეროებს წარმოადგენს: კომპანიათა ინვესტიციები, ანგარიშები და გადახდები; საბაჟო, სამეწარმეო და საბანკო სამართალი; ინტელექტუალური საკუთრება; დასაქმებულთა უფლებების დაცვა; ფინანსური მომსახურება, კონკურენციის წესები და სახელმწიფო შესყიდვები; ადამიანთა, ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა; გარემოს დაცვა; მომხმარებელთა უფლებების დაცვა; არაპირდაპირი დაბეგვრა, ტექნიკური წესები და სტანდარტები; ბირთვული კანონმდებლობა და ტრანსპორტი.

დამატებით, შეთანხმების 44-ე მუხლში, ხაზგასმულია კონკურენციის სფეროში საკანონმდებლო ჰარმონიზაციის ვალდებულება.

1997 წლის 2 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო №828 დადგენილება, რომლის თანახმად (1998 წლის 1 სექტემბრიდან), საქართველოს პარლამენტის ყველა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტი უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის სტანდარტებსა და ნორმებს.

საქართველოს პრეზიდენტის, 2001 წლის 14 ივნისის №613 განკარგულებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის მიერ შემუშავებული „საქართველოს კანონმდებლობის ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სტრატეგია" დამტკიცდა. ხოლო 2004 წლის 8 მაისის განკარგულებით, საქართველოს მთავრობამ საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ეროვნული პროგრამა დაამტკიცა.

2004 წლის აგვისტოში, შემუშავდა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების 2004-2006 წლების ერთიანი სამოქმედო გეგმა.

2006 წლის ნოემბერში, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის (ENP AP) მიღებამ საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესი თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანა.

აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოების პროცესი გავრცელდა მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების და ენერგეტიკის საკითხებზე.

2007 წლიდან, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია გაგრძელდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის (ENP AP) შესაბამისად.

შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა საჯარო ადმინისტრირების მნიშვნელოვან სფეროებში. კერძოდ, მიღებულ იქნა ახალი საბაჟო კოდექსი, დამკვიდრდა ახალი სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ნორმები, მიღებულ იქნა სურსათის უვნებლობისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეგულაციები, განხორციელდა ტექნიკური რეგულირებისა და სტანდარტების სფეროს ძირეული რეფორმა და ქვეყანა საბოლოოდ გადავიდა სტანდარტების ნებაყოფლობით სისტემაზე, გაიმიჯნა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ფუნქციები ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში.

პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ მოვლენას წარმოადგენდა, რადგან ევროკავშირის მხრიდან აღმოსავლეთ ევროპული, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართ პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისა და გამყოფი ხაზების თავიდან აცილებას ისახვადა მიზნად. ამავე დროს, შეთანხმება საერთო ისტორიულ კავშირებსა და ღირებულებებზე დაფუძნებით ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობის განვითარების სურვილს ემყარებოდა.

საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 10 წლის ვადით დაიდო. პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებამ ჩაანაცვლა.

მიმაგრებული ფაილები: