საქართველო და ევროკავშირი

ფაქტები და თარიღები

1992 წელს, ევროგაერთიანებამ ოფიციალურად აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.

1995 წლიდან, საქართველო, ევროკავშირის სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით (Generalized Scheme of Preferences, (GSP)) სარგებლობს.

1996 წლის 22 აპრილს, ლუქსემბურგში, ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას (PCA). აღნიშნული შეთანხმებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის შემდგომი განვითარების სამართლებრივი ჩარჩო განისაზღვრა. ხელშეკრულებას ხელი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა, ევროკომისიისა და საქართველოს პრეზიდენტებმა მოაწერეს. ხელშეკრულება ძალაში 1999 წელს შევიდა.

1997 წლის 1 სექტემბრიდან, საქართველოს პარლამენტის დადგენილების საფუძველზე, საქართველომ დაიწყო საკუთარი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

2003 წლის 7 ივლისს, ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავისი სპეციალური წარმომადგენელი (EU Special Representative for the South Caucasus) დანიშნა.

2004 წლის 14 ივნისს, ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ, მიიღო გადაწყვეტილება აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში ჩართვის შესახებ.

2005 წელს, საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეფექტიანი მმართველობის წახალისებისათვის მიენიჭა ევროკავშირის პრეფერენციების განახლებული გენერალიზებული სისტემის (GSP+ სავაჭრო რეჟიმი) შეღავათები.

2006 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის დასრულდა საქართველო–ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შეთანხმების პროცესი, რომელიც ურთიერთანამშრომლობის სტრატეგიულ პრიორიტეტებს ადგენს.

2008 წელს, ევროკავშირმა (ამერიკელ პარტნიორებთან ერთად) მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთ-საქართველოს ომის შეჩერებაში. ევროკავშირის შუამავლობით, ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის ე.წ. ექვსპუნქტიან შეთანხმებას. 2008 წლის 1 სექტემბერს, საფრანგეთის რესპუბლიკის ინიაციატივით მოწვეულ ევროკავშირის საგანგებო სამიტზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაგმეს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და სხვა ქვეყნებს მოუწოდეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისაგან თავის შეკავების შესახებ. ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას.

2008 წლის 15 სექტემბერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) შექმნის თაობაზე, რომლის ძირითად ამოცანას ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების პროცესზე დაკვირვება წარმოადგენს. მისიამ საკუთარი მანდატის განხორციელება 2008 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო.

2008 წლის 25 სექტემბერს, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კრიზისისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა შეიქმნა.

2008 წლის 15 ოქტომბერს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, მოლაპარაკების პირველი რაუნდი (ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არის ნეიტრალური სტატუსის მქონე ფორმატი, სადაც მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილნი) გაიმართა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და ჟენევის მოლაპარაკებების სახელმძღვანელო დოკუმენტის შესაბამისად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორი პარალელური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. პირველი სამუშაო ჯგუფი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფის ძირითად განსახილველ თემას დევნილებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს. მოლაპარაკებებს თანა-თავმჯდომარეობენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებიან მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში, ასევე, მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე როგორც სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები).

2008 წლის 22 ოქტომბერს (ომის შედეგებთან გასამკლავებლად საქართველოს დახმარების მიზნით), ქ. ბრიუსელში, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გაიმართა დონორთა კონფერენცია, რომელზეც საქართველოსთვის პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილმა დახმარებამ 2008-2010 წლებისთვის, 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2008 წელს, ევროკავშირმა საქართველოს პრეფერენციათა გენერალიზებული სისტემის მოქმედება სამი წლის ვადით (2009-2011) გაუხანგრძლივა (ეფექტური მმართველობისა და მდგრადი განვითარების მიზნებისთვის (GSP+)).

2008 წლის 3 დეკემბერს, გამოქვეყნდა ევროკომისიის კომუნიკე "აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ. "აღმოსავლეთ პარტნიორობა" (Eastern Partnership) ევროკავშირის აღმოსავლეთით მდებარე მეზობელ ქვეყნებთან (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი) ურთიერთთანამშრომლობის თვისობრივად ახალ მექანიზმს წარმოადგენს.

2009 წლის 7 მაისს, ქ. პრაღაში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პირველი სამიტი გაიმართა.

2009 წლის 30 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში, ხელი მოეწერა "პარტნიორობა მობილურობისათვის" ერთობლივ დეკლარაციას (დაწვრილებითი ინფორმაცია იხ. „აღმოსავლეთ პარტნიორობა"). „პარტნიორობა მობილურობისათვის" მიზნად ისახავს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას და ლეგალური მიგრაციის მოწესრიგებას (მათ შორის "ცირკულარული მიგრაციის" შესაძლებლობების გამოყენებით).

2010 წლის 10 მაისს, ბრიუსელში, ზოგად საკითხთა საბჭომ (General Affairs Council) დაამტკიცა, ევროკომისიის მიერ წარდგენილი მანდატი ასოცირების შეთანხმების თაობაზე საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.

2010 წლის 17 ივნისს, ხელი მოეწერა ,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ" შეთანხმებას, ხოლო 2010 წლის 22 ნოემბერს, „ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ" შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმებები 2011 წლის 1 მარტს შევიდა ძალაში.

2010 წლის 15 ივლისს, დაიწყო ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები (რომელიც მოიცავს "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას " (DCFTA)).

2010 წლის 2 დეკემბერს, ქ. ბრიუსელში, ხელი მოეწერა „საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საავიაციო სივრცის'' შესახებ შეთანხმებას.

2011 წლის 3 მაისს, ქ. ბრიუსელში გამართულ საგანგებო სხდომაზე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში, ოფიციალურად დაფუძნდა თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა „ევრონესტი".

2011 წლის 14 ივლისს, ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის „სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული დასახელების ურთიერთდაცვისა და აღიარების შესახებ" ხელშეკრულებას, რომელიც 2012 წლის 1 აპრილიდან შევიდა ძალაში.

2011 წლის 25 აგვისტოს, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაერთიანდა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლების თანამდებობები და მათ ნაცვლად, სამ¬ხ¬რეთ კავ¬კა¬სი¬ა¬სა და სა¬ქარ¬თ¬ვე¬ლო¬ში კრი¬ზი¬სის სა¬კითხებ¬ში ევროკავშირის სპე¬ცი ალური წარმომადგენლის თანამდებობა შეიქმნა.

2011 წლის 29-30 სექტემბერს, ქ. ვარშავაში გაიმართა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მეორე სამიტი.

2012 წლის 28 თებერვალს, ოფიციალურად გაიხსნა მოლაპარაკებები, საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების"(DCFTA) დადების თაობაზე.

2012 წლის 4 ივნისს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ დიალოგი გაიხსნა.

2013 წლის 22 ნოემბერს, ევროკომისიამ და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა აღიარეს საქართველოს მეზღვაურების ტრენინგებისა და კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატები (შედეგად, ქართველ მეზღვაურებს, ევროკავშირის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმების უფლება მიეცათ).

2013 წლის 28-29 ნოემბერს, ქ. ვილნიუსში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგით მესამე სამიტი გაიმართა, რომლის ფარგლებში, ასოცირების შეთანხმებისა და მისი კომპონენტის, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდა და ასევე, საქართველოს ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში ჩართვის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

2014 წლის 26 ივნისს, ევროკავშირმა და საქართველომ დაამტკიცეს ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე 2014-2016 წლებში რეფორმების პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს. ასოცირების დღის წესრიგმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა (ENP AP) ჩაანაცვლა.

2014 წლის 27 ივნისს, ქ. ბრიუსელში, ხელი მოეწერა „ერთის მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ" შეთანხმებას.

2014 წლის 18 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მხარი ერთხმად დაუჭირა.

2014 წლის 29 ივლისს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის (29-ე) სხდომაზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2014 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა და ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის განხორციელების 2014-2017 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.

2014 წლის 26 აგვისტოს, საქართველოს მთავრობამ „ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2014 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა" დაამტკიცა.

2014 წლის 1 სექტემბერიდან, ასოცირების შესახებ შეთანხმების დადგენილი ვალდებულებების დაახლოებით 80% (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტის ჩათვლით) ამოქმედდა დროებით რეჟიმში. ასოცირების შესახებ შეთანხმება ძალაში შევა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული საკანონმდებლო ორგანოების მიერ რატიფიცირების შემდეგ.

2014 წლის 19 დეკემბერს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის (51-ე) სხდომამ მოიწონა „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა". სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობის 26 იანვრის №59 განკარგულებით დამტკიცდა.

2015 წლის 22 მაისს, ქ.რიგაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგით მეოთხე სამიტი გაიმართა. სამიტზე განიხილეს ვილნიუსის სამიტის შემდეგ პარტნიორი ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი ასოცირების დღის წესრიგი განხორციელების მიმართულებით და ურთიერთანამშრომლობის სამომავლო გეგმები დაისახა.

2015 წლის 18 დეკემბერს, ევროკომისიამ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის შესახებ რიგით მეოთხე, საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ოთხივე ბლოკით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა შეასრულა და ვიზა ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი წარმატებით დაასრულა.

2015 წლის დეკემბერში, დასრულდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესი.